მამუკა მიქაუტაძის საქმე

მამუკა მიქაუტაძის ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს

მამუკა მიქაუტაძე
ამერიკის ხმა

დამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მამუკა მიქაუტაძის საქმეზე მე-2 მუხლის - სიცოცხლის უფლების პროცედურული ნაწილის დარღვევა დაადგინა და აღნიშნა, რომ გამოძიება სრულფასოვნად ჩატარებული არ ყოფილა. 

მამუკა მიქაუტაძის ოჯახი 9 წლის შემდეგ საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს. როგორც მიქაუტაძის ცოლი, ზიზი ეძგვერაძე TV პირველთან ამბობს, მან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას უკვე მიმართა. 

"ექსპერტიზამ მაშინ როგორც დაადგინა, ცხვირთან ჰქონდა ბლაგვი საგნით დაზიანება. საიასთან მქონდა უკვე კომუნიკაცია, მოვითხოვთ, რომ თავიდან აღიძრას საქმე და დაიწყოს გამოძიება".- ამბობს ეძგვერაძე. 

მიქაუტაძის დედა პასუხს მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს და ახლანდელ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვს.

"მაშინ შს მინისტრი ღარიბაშვილი იყო და თქვა, რომ ჩემი მუნდირის ღირსების საქმეა მამუკას საქმის გამოძიებაო. ნორმალურად გამოიძია?! დღეს პრემიერმინისტია და მოველი მისგან პასუხს. აბა, რა პასუხს გამცემს შვილმკვდარ დედას?! მასაც ხომ ჰყავს შვილები".- ამბობს გიული უგულავა TV პირველთან


საიას ცნობით, სასამართლომ გამოძიება მთლიანობაში შეაფასა და  ყურადღება გაამახვილა რა ფაქტზე, რომ 2016 წელს პროკურატურის მიერ გამოძიება დანაშაულის არ არსებობის გამო დაიხურა, მიუთითა, რომ გამოძიებამ უპასუხოდ დატოვა საქმესთან დაკავშირებით გადამწყვეტი კითხვები, კერძოდ, გამოკითხვის დროს მართლაც გაყვანილი იქნა თუ არა მიქაუტაძე სხვა ოთახში, და, თუ კი, რა მოხდა იქ.

ასევე, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ გამოძიება დაიწყო 2013 წლის 6 ივლიის და დაიხურა 2016 წლის 25 მარტს, თუმცა 2014 წლის ნოემბრიდან 2016 წლის მარტამდე არანაირი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული არ იყო, მთავრობას, კი არ წარმოუდგენია არანაირი განმარტება ამგვარ საგამოძიებო უმოქმედობასთან დაკავშირებით. 


36 წლის მამუკა მიქაუტაძე, რომელიც 2013 წლის 5 ივლისს პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს, 6 ივლისს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრების პირველი ვერსიით, მან თავი მოიკლა, რადგან სამმართველოში, ზეწოლის შედეგად, მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება მიაცემინეს.

კომენტარები