მამუკა მიქაუტაძის საქმე

არასამთავრობოები იმ პირთა იდენტიფიცირებას ითხოვენ, ვინც მიქაუტაძე დაკითხა

კახა კოჟორიძე
timer.ge

არასამთავრობო ორგანიზაციები იმ პირთა იდენტიფიცირებას ითხოვენ ვინც მამუკა მიქაუტაძე დააკავა და დაკითხა. ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" და სხვა არასამთავრობო ორგანიზციებმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. 

არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქმე უკვე აღძრულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, ჯერ არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ განხორციელებულა და არავინ დაკითხულა. მათი თქმით, საქმეში რეალურად იკვეთება დანაშაულის ნიშნები. 

საია-ს თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის განმარტებით, იკვეთება ის გარემოება, რომ პოლიციამ მიქაუტაძე უკანონოდ დააკავა და მას თავისუფლება აღუკვეთა ისე, რომ არანაირი შესაბამისი ოქმი არ შედგენილა. იკვეთება ისიც, რომ სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, მის მიმართ ადგილი ჰქონდა დამამცირებელ მოპყრობას და თვითმკვლელობამდე მიყვანას.

არასამთავრობო ორგანიციებმა ჟურნალისტებს მიქაუტაძის ჩვენების ასლებიც გააცნეს, სადაც ეს უკანასკნელი მართლაც ადასტურებს, რომ მას მეგობარმა გელა მანჯავიძემ მარიხუანა მიუტანა. არასამთავრობოთა თქმით, ნიშანდობლივია ჩვენების ის ნაწილი, სადაც მიქაუტაძე ამბობს, რომ მანჯავიძე ორ, მისთვის უცნობ ქალბატონთან ერთად იმყოფებოდა, როცა მას მარიხუანა გადასცა და ამ საკითხზე ესაუბრა. კოჟორიძე მიიჩნევს, რომ ნაკლებად დასაჯერებელია, აღნიშნულ თემაზე საუბარს უცნობ ქალბატონებთან ერთად ჰქონოდა ადგილი. მისივე ცნობით, ჩვენებაში მიქაუტაძე იმასაც აღნიშნავს, რომ მან მარიხუანა 10 დღის წინაც მიიღო, რასაც ექსპერტიზა არ ადასტურებს.

კოჟორიძის თქმით, გვამს ზემოქმედების ნიშნები აღენიშნება. 

საია-ს თამჯდომარის თქმით, მიქაუტაძის საქმე ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო საქმეა და დიდი ალბათობით, ის ვერსიები, რაც ოჯახს გააჩნია, სიმართლეა. ოჯახი ვარაუდობს, რომ მიქაუტაძე დაკითხვისას აწამეს და ჩვენება ისე მიაცემინეს, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

"ჩემი აზრით, იმ ჩვენებას ადამიანი ზეწოლის გარეშე არ დაწერდა. თავის დაწერილს არ გავდა. 100%-ით ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ რა შთაბეჭდილებაც დამრჩა იმ ჩვენების წაკითვის შემდეგ, არის ეს. ჩვენ ახლა ვცდილობთ, ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალები გავარკვიოთ," აცხადებს კოჟორიძე.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მამუკა მიქაუტაძე პოლიციამ დაკითხვაზე მოწმის სახით წაიყვანა. რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ მიქაუტაძემ ოჯახის წევრებს დაურეკა და უთხრა, რომ აწამეს, ცრუ ჩვენება მიაცემინეს და ამის გამო თავის მოკვლას აპირებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა დაადასტურა, რომ მიქაუტაძე ნამდვილად იმყოფებოდა დაკითხვაზე. 

კომენტარები