მამუკა მიქაუტაძის საქმე

მიქაუტაძის ჩვენების მიხედვით, მას მეგობარმა მარიხუანა მიუტანა

RFE/RL

გარდაცვლილი მამუკა მიქაუტაძის ჩვენების მიხედვით, მას ნაცნობმა გელა მანჯავიძემ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა მიუტანა, რა დროსაც ისინი პოლიციამ დააკავა. მიქაუტაძის ჩვენების ნაწილს სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს. გამოცემის თქმით, მათ ჩვენება გარდაცვლილის ოჯახმა მიაწოდა. 

"2013 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, როდესაც ვიმყოფებოდი ა/სადგომზე, ჩემი ნაცნობი გელა მანჯავიზე თავისი მანქანით მოვიდა. მანქანა სადგომის შესასვლელთან გააჩერა და მანქანიდან გადმოუსვლელად ფანჯრიდან დამიწყო საუბარი. მომიკითხა, როგორ ვიყავი და ასევე მითხრა, რომ თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”, რომელიც იმ მომენტში ეჭირა ხელში. კერძოდ, სიგარეტის კოლოფის ცელოფანში გახვეული პაკეტი, რომელშიც მისი მონაცემებით “მარიხუანა” იყო მოთავსებული. სწორედ ამ მომენტში ჩემთვის სრულიად მოულოდნელად მოგვიახლოვდა რამდენიმე მამაკაცი, მათ გვითხრეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და წარმოგვიდგინეს საბუთები, ასევე გვკითხეს ჩვენი ვინაობები, თუმცა პოლიციის თანამშრომლების მოსვლის მომენტში გელამ დრო იხელთა და მანქანის მარჯვენა ფანჯრიდან სწრაფად გადააგდო აღნიშნული პაკეტი, რომელშიც მისი განმარტებით იყო მარიხუანა. პოლიციის თანამშრომლებმა გელას ეს ქმედება რა თქმა უნდა დაინახეს და ჰკითხეს, თუ რა გადააგდო მან ფანჯრიდან, რაზეც გელამ უარით უპასუხა და განაცხადა, რომ ხსენებული პაკეტი მას არ ეკუთვნოდა და ნამდვილად არ იცოდა, თუ რა იყო მასში მოთავსებული", - წერია ჩვენებაში. 

ჩვენების მიხედვით, მომხდარის შემდეგ პოლიციამ ორივე მათგანი გაჩხრიკა. 

"ასევე გაჩხრიკეს ა/მანქანაც და შეადგინეს შესაბამისი ოქმები. ხოლო გელას მიერ ფანჯრიდან გადაგდებული მცირე ზომის პაკეტი ჩვენი თანდასწრებით ქაღალდის კონვერტში მოათავსეს და დალუქეს. ხსენებული პაკეტი იყო ზუსტად ის, რაც მანამდე გელას ეჭირა და რომელიც შემდგომ მან გადააგდო ფანჯრიდან. ჩხრეკის დასრულებისას მეც და გელაც პოლიციის თანამშრომლებმა პოლიციის დაწესებულებაში წაგვიყვანეს", - წერია ჩვენებაში.

მიქაუტაძის თქმით, მანჯავიძეს მისთვის მარიხუანა არასდროს მიუცია, მაგრამ იცოდა, რომ ის ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარდა და ამიტომაც მიუტანა მას მარიხუანა. 

დღეს მამუკა მიქაუტაძის გარდაცვლებასთან დაკავშირებით არასამთავრობოებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს. არასამთვრობოები იმ ადამიანების იდენტიფიცირებას ითხოვენ, ვინც მიქაუტაძე დააკავა და დაკითხა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქმე უკვე აღძრულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, ჯერ არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ განხორციელებულა და არავინ დაკითხულა. მათი თქმით, საქმეში რეალურად იკვეთება დანაშაულის ნიშნები. 

საია-ს თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის განმარტებით, იკვეთება ის გარემოება, რომ პოლიციამ მიქაუტაძე უკანონოდ დააკავა და მას თავისუფლება აღუკვეთა ისე, რომ არანაირი შესაბამისი ოქმი არ შედგენილა. იკვეთება ისიც, რომ სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, მის მიმართ ადგილი ჰქონდა დამამცირებელ მოპყრობას და თვითმკვლელობამდე მიყვანას.

საია-ს თამჯდომარის თქმით, მიქაუტაძის საქმე ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო საქმეა და დიდი ალბათობით, ის ვერსიები, რაც ოჯახს გააჩნია, სიმართლეა. ოჯახი ვარაუდობს, რომ მიქაუტაძე დაკითხვისას აწამეს და ჩვენება ისე მიაცემინეს, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

"ჩემი აზრით, იმ ჩვენებას ადამიანი ზეწოლის გარეშე არ დაწერდა. თავის დაწერილს არ ჰგავდა. 100%-ით ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ რა შაბეჭდილებაც დამრჩა იმ ჩვენების წაკითვის შემდეგ, არის ეს. ჩვენ ახლა ვცდილობთ, ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალები გავარკვიოთ", - აცხადებს კოჟორიძე.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მამუკა მიქაუტაძე პოლიციამ დაკითხვაზე მოწმის სახით წაიყვანა. რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ მიქაუტაძემ ოჯახის წევრებს დაურეკა და უთხრა, რომ აწამეს, ცრუ ჩვენება მიაცემინეს და ამის გამო თავის მოკვლას აპირებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა დაადასტურა, რომ მიქაუტაძე ნამდვილად იმყოფებოდა დაკითხვაზე. 

 

კომენტარები