მამუკა მიქაუტაძის საქმე

კოჟორიძე: მიქაუტაძის დაზიანებები სავარაუდოდ მისი დაკითხვის დროს ემთხვევა

კახა კოჟორიძე
timer.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა კახა კოჟორიძემ გაასაჯაროა დამოუკიდებელი ექსპერტის ალექსანდრე გეჯაძის დასკვნა, რომელიც გარდაცვლილი მამუკა მიქაუტაძის გარეგნულ დათვალიერებას ემყარება. კოჟორიძე აცხადებს, რომ გარეგანი ექსპერტიზის მიზანი არ იყო მიქაუტაძის სიკვდილის მიზეზის დადგენა და იქვე განმარტავს, რომ ამ დასკვნის საფუძველზე შეუძლებელია 100%-იანი სიზუსტით ითქვას, განხორციელდა თუ არა   მასზე ძალადობა. მისი თქმით, ეს ფაქტი გამოძიებამ უნდა დაადასტუროს.

დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილ მამუკა მიქაუტაძეს ცხვირის მარცხენა ნესტოსთან აღენიშნება დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც მიყენებული უნდა იყოს ბლაგვი, მკვრივი საგნით სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე. გარდა ამისა, გარდაცვლილს ორივე ფეხის ტერფზე აღენიშნება მოიისფრო ლაქები, თუმცა, შეუძლებელია ზუსტად თქმა, ეს დაზიანების კვალია თუ გვამური ლაქა. გარდაცვლილს კისრის არეში ასევე აღენიშნება ჩამოხრჩობის კვალი.

"დაზიანებები ემთხვევა სავარაუდოდ იმ პერიოდს, როდესაც ის დაკითხეს. ეს გარემოებები ამყარებს იმ ალბათობას, რომ მასზე დაკითხვის დროს, ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. სხვა საკითხია დაზიანების სიმძიმე და ა.შ. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, პასუხისმგებლობის დაკისრების თვალსაზრისით, მარტო ცხვირზე ექნება დაზიანება თუ სხვაგან, გადამწყვეტი მნიშვნელობის არ აქვს", - განაცხადა კოჟორიძემ.

საია-ს ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ არასწორია შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ მიქაუტაძის საქმე შსს-მ გამოიძიოს.

"ასეთი გამოძიება არ იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი", - აცხადებს კოჟორიძე.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. 8 ივლისს, 5 საათის განმავლობაში სამართალდამცავები სახლში კითხავდნენ მიქაუტაძის მეუღლეს. ოჯახი აცხადებს, რომ გარდაცვლილს 6 ივლისს პოლიციის განყოფილებაში მეგობრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის მოთხოვნით სასტიკად სცემეს და სწორედ ამან გადააწყვეტინა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.

კომენტარები