სასამართლო სისტემა

ვოლსკი მესხიშვილზე: მძაფრი, ხისტი განცხადებების კეთება მოსამართლის პოზიციას არ შეესაბამება

"თუ ვინმე რამეს აგორებს, თავად ქეთი მესხიშვილია".- ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი სააპელაციოს მოსამართლეს, ქეთევან მესხიშვილს, რომელმაც FACEBOOK-ზე დაწერა, რომ მისი და მისი ოჯახის მიმართ შავი კამპანია მიმდინარეობს. 

"მძაფრი, ხისტი განცხადებების კეთება, რასაკვირველია, მოსამართლის პოზიციას არ შეესაბამება".- აღნიშნავს გია ვოლსკი. 

მესხიშვილი მის მიმართ მიმდინარე კამპანიას მართლმსაჯულების სისტემის, საერთაშორისო პარტნიორების დაუსაბუთებელი კრიტიკისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ საჯარო პოზიციებს უკავშირებს.

ქეთევან მესხიშვილი ერთ-ერთი იყო იმ მოსამართლეებს შორის, რომლებმაც ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები გააკრიტიკეს. მოსამართლეები მიიჩნევდნენ, რომ კანონპროექტით დასაშვები ხდებოდა მათი დევნა კრიტიკული აზრის და მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნება.

30 დეკემბერს პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დაჩქარებული წესით დაამტკიცა. ცვლილებები, მათ შორის, ითვალისწინებს მოსამართლეებისთვის დისციპლინური გადაცდომისა და სახდელის სახეების დამატებას, დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი კვორუმის შემცირებას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე პირის არჩევის აკრძალვის გაუქმებას.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი. მისი თქმით, პროცესი ნაჩქარევად მიმდინარეობს და მეტ ინკლუზიურობას საჭიროებს. ევროკავშირის შეფასებით, სასამართლოებზე კანონპროექტი შეშფოთებას იწვევს ხელისუფლების ვალდებულებებთან დაკავშირებით. კანონპროექტს შემაშფოთებელს უწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც – ისინი პარლამენტს განხილვის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ

კომენტარები