სასამართლო სისტემა

"ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ წარმოუდგენელი შავი კამპანია მიმდინარეობს" – მოსამართლის მიმართვა

კადრი ვიდეოდან / პარლამენტი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ქეთევან მესხიშვილი წერს, რომ მისი და მისი ოჯახის მიმართ "შავი კამპანია" მიმდინარეობს. მესხიშვილი ამას არაერთ საკითხზე საჯარო პოზიციებს უკავშირებს და თვლის, რომ, შეიძლება, ამ პროცესმა მოსამართლეები დააზიანოს.

რაც მისი და სხვა მოსამართლეების საჯარო პოზიციებს უკავშირდება და რამაც, შეიძლება, მოსამართლეები დააზიანოს.

"ვინც მიცნობს მე და იცნობს ჩემს ოჯახს, რთულად დაიჯერებს იმ წარმოუდგენელ შავ კამპანიას, რაც ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ მიმდინარეობს. დღესაც არაფერს ვიტყოდი, რომ არა უკვე რისკი იმისა, რომ აღნიშნულმა კამპანიამ ჩემი კოლეგები შეიძლება დააზიანოს.

ჩემი მეუღლე ნამდვილად მუშაობდა 2012 წლამდე საჯარო სამსახურში. მან 10 წლის წინ, დატოვა საჯარო სამსახური და მას შემდეგ არანაირი შეხება საჯარო სამსახურთან და პოლიტიკასთან არ ჰქონია, არანაირი! ჩემი ოჯახი მეგობრებს პოლიტიკური ნიშნით არ ირჩევს და არც პოლიტიკური ნიშნით წყვეტს მათთან ურთიერთობას! არანაირი შეხება პოლიტიკასთან არ მაქვს მე, არანაირი, და არც არასდროს მქონია! ცილისმწამებლური კამპანიის დამკვეთებმა იციან ეს! ასევე ისიც იციან, რომ გარიგებებს არასოდეს დავთანხმდები, თან არანაირს, არანაირ ფასად! შესაბამისად, ჩემთვის დაბრალება იმისა, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ვარ გარიგებაში, გარდა იმისა, რომ საფუძველს მოკლებულია, ამორალურია!" – წერს მესხიშვილი.

მოსამართლე მის მიმართ მიმდინარე კამპანიას მართლმსაჯულების სისტემის, საერთაშორისო პარტნიორების დაუსაბუთებელი კრიტიკისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ საჯარო პოზიციებს უკავშირებს.

"მართლმსაჯულებაში ნებისმიერი აქტორის მიერ პოლიტიკის შემოტანა, სამართლებრივი სახელმწიფოს ყველა ფუძემდებლურ პრინციპს ეწინააღმდეგება, ჩემთვის პიროვნულად კი აღნიშნული დაშვება მიუღებელი და წარმოუდგენელია!

მთელი ეს აურზაური ჩემი და ჩემი კოლეგების საჯარო პოზიციას უკავშირდება. პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ მართლმსაჯულების ადმინისტრირებაში უფრო დემოკრატიული პროცესები უნდა წარიმართოს, საერთაშორისო პარტნიორები დაუსაბუთებლად არ უნდა გავაკრიტიკოთ და კანონში მოსამართლეთა თავისუფლების წინააღმდეგ ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს. ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ გაკეთებული განცხადებები და დაკვეთილი ცილისმწამებლური კამპანიები სხვა არაფერია, თუ არა ზეწოლა განსხვავებულ აზრზე.

ამჯერად, დეტალებზე არ დავკონკრეტდები, თუმცა, უკიდურესად ამორალურია ჩემი უზენაესი სასამართლოს კანდიდატობაზე აპელირება. თუ რომელიმე პოლიტიკოსი, ან ექსპერტი შეცდომაშია შეყვანილი, გულწრფელად ვწუხვარ! თუ არა... სირცხვილია, მეგობრებო!" – წერს მესხიშვილი.

ქეთევან მესხიშვილი ერთ-ერთი იყო იმ მოსამართლეებს შორის, რომლებმაც ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები გააკრიტიკეს. მოსამართლეები მიიჩნევდნენ, რომ კანონპროექტით დასაშვები ხდებოდა მათი დევნა კრიტიკული აზრის და მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნება.

30 დეკემბერს პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დაჩქარებული წესით დაამტკიცა. ცვლილებები, მათ შორის, ითვალისწინებს მოსამართლეებისთვის დისციპლინური გადაცდომისა და სახდელის სახეების დამატებას, დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი კვორუმის შემცირებას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე პირის არჩევის აკრძალვის გაუქმებას.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი. მისი თქმით, პროცესი ნაჩქარევად მიმდინარეობს და მეტ ინკლუზიურობას საჭიროებს. ევროკავშირის შეფასებით, სასამართლოებზე კანონპროექტი შეშფოთებას იწვევს ხელისუფლების ვალდებულებებთან დაკავშირებით. კანონპროექტს შემაშფოთებელს უწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც – ისინი პარლამენტს განხილვის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ

კომენტარები