დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბერბოკი: უნდა დავიცვათ საერთო წესები, თუნდაც ამისთვის ეკონომიკური ფასის გადახდა მოგვიწიოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი
Reuters

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის კონტექსტში გერმანია მზადაა, დაიცვას საერთო წესები - ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, თუნდაც ამისთვის მაღალი ეკონომიკური ფასის გადახდა მოუწიოს

"ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს - უნდა დავიცვათ ეს წესები, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, გერმანიას ამისთვის დიდი ეკონომიკური ფასის გადახდა მოუწიოს. ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია ერთ-ერთია ამ წესებს შორის", - აღნიშნა ანალენა ბერბოკმა მოსკოვში, სერგეი ლავროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრი ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის საკითსაც შეეხო და განმარტა, რომ გერმანია არ ცვლის პოზიციას, მისი თქმით, თუ ენერგეტიკა გამოყენებული იქნება, როგორც პოლიტიკური იარაღი, ამას გავლენა ექნება ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის საქმიანობის მომავალზეც.

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თქმით, ქვეყანა გამოთქვამს მზაობას შეურთდეს ევროპელ პარტნიორებს რუსეთის სანქცირებაში.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს

კომენტარები