კრიპტოვალუტა

WALMART-ი საკუთარი მეტავერსის და კრიპტოვალუტის შექმნას გეგმავს

მსოფლიოს უმსხვილესი ჰიპერმარკეტების ქსელი, Walmart-ი საკუთარი კრიპტოვალუტის, მეტავერსისა და NFT კოლექციის შექმნას გეგმავს. 

CNBC-ის ცნობით, ამერიკულმა კომპანიამ უკვე მიმართა მარეგულირებელ ორგანოს ახალი სავაჭრო ნიშნის დარეგისტრირების და საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნაზე ნებართვის მიღების მიზნით. 

ექსპერტების შეფასებით, Walmart-ის მეტავერსი არსებითად განსხვავებული იქნება META (Facebook) და სხვა ტექნოლოგიური გიგანტების მეტავერსებისგან, რადგან საცალო ვაჭრობის გიგანტის მიზანი ახლი სოციალური ქსელის შექმნა არ არის.

სავარაუდოდ, Walmart-ის მეტავერსი ონლაინ ვაჭრობის განვითარების ახალი ეტაპი იქნება, რომელიც ვირტუალურ რეალობის საშუალებით ციფრულ სივრცეში გააცოცხლებს ჰიპერმარკეტს. 

Walmart-ის კრიპტოვალუტა, მაღალი ალბათობით, ჰიპერმარკეტში ანგარიშსწორების საშუალებად იქნება გამოყენებული და, შესაბამისად, ის კონკურენციას არ გაუწევს ისეთ მრავალფუნქციურ კრიპტოვალუტების, როგორიცაა: ბიტკოინი, ეთერიუმი და კარდანო.

Walmart-ი 1962 წელს დაარსდა და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 402 მილიარდ დოლარს შეადგენს, ის მსოფლიოში რიგით მე-17 უმსხვილესი კომპანიაა. ჰიპერმარკეტების ქსელი 2.2 მილიონამდე თანამშრომელს ასაქმებს და მას მსოფლიოს მასშტაბით 12 000-მდე ფილიალი აქვს.


რა არის მეტავერსი? 

მეტავერსი ინტერნეტის განვითარების წარმოსახვითი მომავალია, 3D ვირტუალური სივრცეების გაერთიანება, სადაც ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე ციფრული სამყარო არსებობს და მომხმარებლებს შეუძლიათ, სასურველ წარმოსახვით სამყაროში იცხოვრონ.

მეტავერსი რეალური სამყაროსა და კომპიუტერული თამაშების ერთგვარი შერწყმაა. მომხმარებლები ირჩევენ თავიანთ ავატარს, რომელსაც ნებისმიერ სახის გარეგნობა შეიძლება ჰქონდეს, იქნება ეს რეალურთან მიმსგავსებული თუ წარმოსახვითი. 

ავატარის არჩევის შემდეგ, მომხმარებლები ვირტუალურ სამგანზომილებიან სამყაროში გადადიან, სადაც თითქმის ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი. 

ვრცლად მეტავერსის შესახებ წაიკითხეთ აქ – რა არის მეტავერსი და რის შექმნას ცდილობს FACEBOOK-ი?

კომენტარები