კორონავირუსი მსოფლიოში

საფრანგეთში არავაქცინირებულები რესტორნებში შესვლასა და მატარებლით მგზავრობას ვერ შეძლებენ

საფრანგეთში პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა კანონი, რომელიც არავაქცინირებულ ადამიანებს რესტორნებში, სპორტულ მოედნებსა და სხვა დაწესებულებებში შესვლას უკრძალავს. ამასთანავე, ისინი ვერ ისარგებლებენ მატარებლითა და შიდა ფრენებით.

კანონპროექტი 215 მომხრე, 58 წინააღმდეგით მიიღეს, შედეგად ის უახლოეს დღეებში ამოქმედდება. 

ამჟამინდელი ჯანმრთელობის საშვი "ვაქცინის საშვად" ჩანაცვლდა - არავაქცინირებული ადამიანები სხვადასხვა დაწესებულებაში ვერც PCR ტესტის უარყოფითი პასუხით და ვერც ვირუსის გადატანის ახალი შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტით ვეღარ შევლენ.  

ამასთანავე, კანონი ითვალისწინებს მკაცრ სასჯელს იმ პირებისთვის, ვინც ყალბი კოვიდსაშვით ისარგებლებენ. ამჟამინდელი ჯარიმა- €135 გაიზარდა €1 000-მდე.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსახლეობის თითქმის 78% სრულად არის აცრილი.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განმარტებით, მას სურს "გაართულოს" არავაქცინირებულთა ცხოვრება, რათა მათ საბოლოოდ აცრა მოუწიოთ. 

ქვეყათა ნაწილი არავაქცინირებული პირებისთვის ფინანსურ სანქციასაც განიხილავს. საბერძნეთში 60 წელს გადაცილებულებს აუცრელად გადატებულ ყოველ თვეზე €100 ოდენობის ჯარიმა დაუწესდათ. სინგაპურში კი არავაქცინირებული კოვიდპაციენტები ვალდებულები არიან, თავად გადაიხადონ მკურნალობის საფასური.

ამასთანავე, კანადის პროვინცია, კვებეკი გეგმავს, კოვიდის წინააღმდეგ არავაქცინირებულ მაცხოვრებლებს ჯანდაცვის გადასახადი დაუწესოს. ავსტრიის კანცლერის, კარლ მეჰამერის თანახმად, მარტიდან ავსტრიაც დაიწყებს აუცრელი მოქალაქეების სანქცირებას. 

კომენტარები