საქართველოს კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრომ კინოცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

Formula

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. გარდა ამისა, უწყების ცნობით, გაგა ჩხეიძის საქმიანობის შესახებ აუდიტის დასკვნა პროკურატურას გადაეგზავნა

"სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შესაბამისობისა და ფინანსური აუდიტი 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლინდა კინოცენტრის მიერ ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, კინოცენტრში არსებული ფინანსური მართვის სისტემის სერიოზული ხარვეზები, შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის სისტემატური ხასიათი, სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები, კონტროლის სისტემის არარსებობა და სხვა.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ „კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დირექტორი, გაგა ჩხეიძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა, მისი საქმიანობის შემსწავლელი აუდიტის დასკვნა კი შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს პროკურატურას გადაეგზავნა. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტი ახორციელებს სამსახურებრივ შემოწმებას დასკვნაში მითითებულ არაერთ გარემოებასთან დაკავშირებით. გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, ახალი ხელმძღვანელის შერჩევამდე, კინოცენტრის დირექტორის უფლებამოსილებებს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კარლო სიხარულიძე განახორციელებს". – წერია სამინისტროს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 6 მარტს გაგა ჩხეიძის გადაწყვეტილებით ეროვნულმა კინოცენტრმა შეაჩერა საქმიანი ურთიერთობა რუსულ გოსფილმოფონდთან, მიზეზი უკრაინაში რუსეთის ჯარის შესვლა გახდა. კინოცენტრს კულტურის სამინისტროსთან ერთად 2016 წლის შემდეგ ჩამოაქვს რუსეთიდან გოსფილმოფონდში დაცული ქართული ფილმების ასლები მათი აციფრვისა და აღდგენის მიზნით.

"ამჟამად გაფორმებულია კონტრაქტი გოსფილმოფონდთან 149 660 აშშ დოლარზე. მისი საგანია 8 ქართული ფილმის ასლების დამზადება გოსფილმოფონდის ბაზაზე. ამ თანხიდან 52 522 აშშ დოლარი დეკემბერში გადაირიცხა ავანსად იმ მიზნით, რომ გოსფილმოფონდს შეეძინა კოდაკის ფირი. ფირი ჯერ შეძენილი არ არის და არც ისაა ცნობილი, მოახერხებს თუ არა გოსფილმოფონდი მის შეძენას რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების გამო. თანხის დარჩენილი ნაწილი - 325 272 ლარი - კულტურის სამინისტრომ უნდა გადარიცხოს სამუშაოების დასრულების შემდეგ.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რამდენად ძვირფასია ეს პროექტი როგორც კინოცენტრისთვის, ისე პირადად ჩემთვის, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო ამორალურად მიმაჩნია თანხის გადარიცხვა რუსეთის საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის. ეს თანხა დიდი ალბათობით მოხმარდება რუსეთის სამხედრო მანქანას უდანაშაულო ხალხის და ქალაქების გასანადგურებლად.

აქედან გამომდინარე, ეროვნული კინოცენტრი აპირებს პროექტის შეჩერებას. ამავე დროს კულტურის სამინისტროს ვთხოვთ, პროექტისთვის გათვალისწინებული დარჩენილი თანხა - 325 272 ლარი - ჩარიცხოს ეროვნული კინოცენტრის ანგარიშზე, იმისათვის რომ კინოცენტრმა დააფინანსოს ქართული კინოწარმოება, რომელსაც ჰაერივით სჭირდება თითოეული თეთრი. თანხა მოხმარდება მიმდინარე პროექტების დასრულებას, ქართული ფილმების დაბრუნების პროგრამა კი აუცილებლად გაგრძელდება ომის დამთავრების შემდეგ. შესაბამისი წერილი გაიგზავნა კულტურის მინისტრის სახელზე. იმედს ვიტოვებ, რომ მინისტრი ჩვენს თხოვნას დააკმაყოფილებს" - წერდა ჩხეიძე, რომელიც კინოცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობას რამდენჯერმე იკავებდა - 2005-2010, 2013-2016 წლებში, ასევე 2019 წლიდან დღემდე.

გაგა ჩხეიძემ 2 000 წელს დააფუძნა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, 2016 წლამდე იყო ფესტივალის ხელმძღვანელი.

კომენტარები