უკრაინა

პოროშენკო: გისოსებში არ აღმოვჩნდები – ძალა და ნება არ ეყოფათ

პეტრო პოროშენკო

“გისოსებში არ აღმოვჩნდები, ძალა და ნება არ ეყოფათ”. - ამბობს უკრაინის ექსპრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, რომელიც ამტკიცებს, რომ ქვეყანაში დაბრუნდება. 

“მთავარი მიზანი, რომელსაც ახლა ზელენსკი მიჰყვება, პოროშენკოს შეშინებაა. ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩ, ჩემი პრეზიდენტობის 5 წლის მანძილზე ჩემს გუნდთან, უკრაინასთან ერთად ერთად პუტინს შეიარაღებულ აგრესიაზე წინააღმდეგობა გავუწიე. ჩვენ გავატარეთ ბევრი რეფორმა და თქვენ ნამდვილად ვერ შემაშინებთ, თქვენი არ მეშინია. უდაოდ, გაერთიანების ნაცვლად, ზელენსკის უნდა, ყურადღება მორიგ ვიდეოზე გადაიტანოს, მორიგ დაკავებაზე, თუმცა თქვენთვის ცუდი ინფორმაცია მაქვს - მე ვბრუნდები და არ ვბრუნდები იმისთვის, რომ თავი დავიცვა ზელენსკისგან - ეს ამად არ ღირს. ვბრუნდები, რომ დავიცვა უკრაინა, იმიტომ, რომ ახლა ბრიუსელში, თქვენ ეს კარგად იცით, ურთიერთობა მაქვს მთელი ევროკავშირის პოლიტიკოსებთან - ისინი ამბობენ, რომ ახლა სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე 2014-ში და, შესაძლოა, ყველაზე ცუდი ბოლო 30 წლის განმავლობაში. ეს საფრთხეა არა მარტო უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ამ პირობებში უკრაინა უნდა დავიცვათ პუტინისგან, არაკომპეტენტურობისგან, გახრწნილი და კორუმპირებული ხელისუფლებისგან, რომელსაც მხოლოდ ის შეუძლია, ბიუჯეტის გარიგებებით ფული მოიპაროს და გაანადგუროს რეფორმები, რომლებიც 5 წლის განმავლობაში სისხლისა და ოფლის ფასად გატარდა.

მე, რა თქმა უნდა, ვბრუნდები, მე ვაანალიზებ ყველა რისკს. მე ვიცი ყველაფერი, რით უნდა ზელენსკის მე და ჩემი გუნდი დაგვაშინოს. ის ვერავის შეაშინებს, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ სიმართლე და ღმერთი ჩვენს მხარეს არის. […] მე არ აღმოვჩნდები გისოსებს მიღმა - არ ეყოფათ სულისკვეთება, ძალა და ნება”. - ამბობს პოროშენკო ნასტოიაშჩეე ვრემიასთან საუბარში. 

6 იანვარს უკრაინის სასამართლომ პეტრო პოროშენკოს ქონება და აქტივები დააყადაღა

პეტრო პოროშენკო, რომელიც, ევრომაიდანის მოვლენების შემდეგ აირჩიეს და პრეზიდენტის თანამდებობას 2014-2019 წლებში იკავებდა, და პარტია ევროპული სოლიდარობის ლიდერია სახელმწიფო ღალატსა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი. სისხლის სამართლის საქმე ეხება დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირის მიწოდების დანაშაულებრივ სქემას.

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირის მიწოდებასთან დაკავშირებით საქმის გამოძიება მიმდინარეობს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ფინანსური ტერორიზმის, სახელმწიფო ღალატის და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით. ამ მუხლებით წაყენებული ბრალი ქონების კონფისკაციით ან მის გარეშე 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოროშენკოს ბრალი 20 დეკემბერს წაუყენეს. ამის შემდეგ, პოროშენკომ თქვა, რომ ის უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს. 

უკრაინის ექსპრეზიდენტმა ვიდეო მიმართვა პოლონეთიდან, ვარშავიდან გაავრცელა. მისი თქმით, ის აქ ევროპელ პოლიტიკოსებს ხვდება და აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა რუსეთის წინააღმდეგ "უკრაინის მხარდამჭერი ძლიერი კოალიცია" შექმნას.

კომენტარები