ენერგეტიკა

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები გაიზარდა, შესაძლოა, საქართველოში საწვავი გაძვირდეს

Shutterstock

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა და ბარელის ღირებულებამ ისევ 80 დოლარს გადააჭარბა. შესაძლოა, რომ მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილი ფასები ქართულ ბაზარზეც აისახოს და ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავი გაძვირდეს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის დეკემბერში ბარელი ნავთობის ფასი 85 დოლარიდან 66 დოლარამდე დაეცა, რასაც ანალიტიკოსები COVID-19-ის ახალი ვარიანტის, ომიკრონის გავრცელებას და მსოფლიოს მასშტაბით დაწესებული შეზღუდვებით საწვავის მოხმარებაზე შემცირებულ მოთხოვნას უკავშირებდნენ.

ექსპერტების შეფასებით, უკანასკნელ პერიოდში ნავთობის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეზღუდული მიწოდებაა, რაც პირდაპირ კავშირშია ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC+) გადაწყვეტილებებთან. თუკი გლობალური ეკონომიკის აღდგენის პარალელურად, OPEC-ი ნავთობის მიწოდებას მოთხოვნის შესაბამისად არ გაზრდის, საწვავსა და სხვა სახის ენერგოპროდუქტებზე ფასები, სავარაუდოდ, ზრდას განაგრძობს. 

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, 2022-2023 წლებში ნავთობის ფასები რეკორდული ტემპით გაიზრდება და საერთაშორისო ბაზრებზე ბარელი ნავთობის ღირებულება 100 დოლარს მიაღწევს. 

"ომიკრონის გამოჩენამდე ჩვენ უკვე გვქონა რეკორდულად მაღალი მოთხოვნა და ფასები ნავთობზე. გლობალური ეკონომიკა და საჰაერო ტრანსპორტზე მოთხოვნა ისევ იზრდება. მოთხოვნის ზრდის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, 2022 წელს ნავთობის ღირებულება რეკორდულ ნიშნულებს მიაღწევს". – თქვა ბანკის ენერგეტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დემიენ კურვალინმა.

კურვალინის თქმით, გასათვალისწინებელია მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილი ინფლაციის მაჩვენებელიც, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ენერგოპროდუქტების ფასებზე. მისი ვარაუდით, თუკი მაღალი ინფლაციის დონე შენარჩუნდება, შესაძლებელია, რომ 2023 წელს ბარელი ნავთობის ღირებულებამ 110 დოლარსაც მიაღწიოს. 

საგულისხმოა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ცვლილება მყისიერად არ აისახება საქართველოში საწვავის ფასებზე, რადგან ნავთობის იმპორტიორი კომპანიები საწვავის ფასებს ნავთობის მიმდინარე ღირებულების, რეზერვში არსებული (წარსულში შეძენილი) საწვავის ღირებულებისა და ვალუტის გაცვლითი კურსის მიხედვით ადგენენ, შესაბამისად, ცვლილების ასახვას, შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს.

ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზარზე

 

კომენტარები