COVID-19-ის ვაქცინა

პუტინი მსოფლიოს რუსული ვაქცინის, SPUTNIK V-ის აღიარებისკენ მოუწოდებს 

ვლადიმირ პუტინი

პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მსოფლიოს COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, Sputnik V-ის ავტორიზაციისა და აღიარების პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდებს.

"რუსეთი გააგრძელებს სხვა ქვეყნების დახმარებას ვაქცინების, ტესტებისა და მედიკამენტების მიწოდებით. დღეისათვის ჩვენი ვაქცინა [Sputnik V] აღიარებულია მსოფლიოს 71 ქვეყანაში, რომელთა მოსახლეობა 4 მილიარდს აჭარბებს. 

გამოცდილებამ აჩვენა, რომ რუსული ვაქცინა მაღალი ეფექტიანობითა და უსაფრთხოებით გამოირჩევა. გარდა ამისა, ჩვენმა მეცნიერებმა ერთდოზიანი ვაქცინა, Sputnik Light-იც შეიმუშავეს, რომლის გამოყენება ბუსტერადაა შესაძლებელი. 

დარწმუნებული ვარ, რომ რაც უფრო მალე ვაღიარებთ ვაქცინებს მსოფლიოს მასშტაბით, მით უფრო მალე აღდგება გლობალური ვაჭრობა, ტურიზმი და სხვა აქტივობები". – თქვა პუტინმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე. 

აღსანიშნავია, რომ რუსულ ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა [WHO] და ევროპის მედიკამენტების სააგენტოსგან [EMA] ჯერაც არ აქვს მიღებული ავტორიზაცია. 

ევროპის მარეგულირებელმა ორგანომ რუსული ვაქცინის განხილვა 2021 წლის მარტში დაიწყო და მოსალოდნელი იყო, რომ Sputnik V ავტორიზაციას ივნისში მიიღებდა, თუმცა სექტემბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ [WHO] ვაქცინის ავტორიზაციის პროცესი შეაჩერა

ჯანმოს მტკიცებით, რუსული მხარე არღვევდა ავტორიზაციის პირობებს და მოთხოვნილ ინფორმაციას არ აზიარებდა. გარდა ამისა, ინსპექციამ დაადგინა, რომ Sputnik V-ის საწარმო ქარხანა ვერ აკმაყოფილებდა ორგანიზაციის სტანდარტებს. 

EMA-ის ცნობით, ევროპის მარეგულირებელი ორგანო იზიარებდა WHO-ს პოზიციას Sputnik V-თან დაკავშირებით და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რუსეთი თავს არიდებდა ინფორმაციის ამომწურავად და გამჭვირვალედ გაზიარებას.

მიუხედავად ავტორიზაციის არქონისა, Sputnik V აქტიურად გამოიყენება რუსეთის მასშტაბით  და ადმინისტრირებული დოზების რაოდენობა რამდენიმე მილიონს აღწევს. 

რუსი მეცნიერების მტკიცებით, ვაქცინა 97%-იანი ეფექტიანობით გამოირჩევა და ის ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. ავტორიზაციის პროცესის შეფერხება კი უსაფუძვლო და უსამართლოა. 

კომენტარები