ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

პროკურორთან კამათის შემდეგ მოსამართლემ მამუკა ხაზარაძეს დარბაზი დაატოვებინა

მამუკა ხაზარაძე
კადრი ვიდეოდან

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეს დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. 

მოსამართლემ მამუკა ხაზარაძეს პროკურორთან კამათის გამო დარბაზი დაატოვებინა. მამუკა ხაზარაძე პროკურორის რეპლიკამ გააღიზიანა. მისი თქმით "სამი წელია ამ სისულელეს ისმენს". პროკურორმა კი საპასუხოდ თქვა, რომ "3 წელია ხაზარაძემ ზრდილობა ვერ ისწავლა". 

"ვის ელაპარაკები შენ აქ ზრდილობაზე? რამე არ შეგეშალოს! წარმოდგენა არ გაქვს არაფრის. ეს არის დასახური სასამართლო, პირდაპირ გეუბნებით. ამ მარაზმს წერტილი უნდა დაესვას ქვეყანაში. გონზე ხარ, საერთოდ რეებს ლაპარაკობ დღეეს?! შენ გგონია 9 წლის მეშინია? გგონია ციხეში წასვლის მეშინია? ესენი ვინა არიან?! ამათ ჰგონიათ რომ ყველაფერი მოსულა".- თქვა ხაზარაძემ, რის თემდეგაც მოსამართლემ მას დარბაზის დატოვება მოსთხოვა. 

16 დეკემბერს გამართულ სასამართლოზე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის დასკვნითი სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო. დაცვის მხარემ პროკურატურის შუამდგომლობას "დროის გაწელვა" უწოდა.

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია TBC ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".

იმავე წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდიდა დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

2019 წლის ივლისში კი გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. მოგვიანებით, აგვისტოში ამავე საქმეზე ბრალი წარუდგინეს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც, რომელიც TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამაა. ტელეკომპანიამ ეს გადაწყვეტილება მედიაზე თავდასხმად შეაფასა. 

 

კომენტარები