COVID-19

ჯანმო: საფრანგეთში აღმოჩენილი COVID-19-ის ახალი ვარიანტი დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, საფრანგეთში აღმოჩენილი COVID-19-ის ახალი ვარიანტი, რომელიც აფრიკული წარმოშობისაა, დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს და გავრცელების განსაკუთრებული შესაძლებლობებითაც არ გამოირჩევა. 

ჯანმოს ცნობით, B.1.640.2 ვარიანტით ინფიცირების პირველი შემთხვევები ჯერ კიდევ ნოემბერში გამოვლინდა და მას შემდეგ ის მეცნიერების დაკვირვების ქვეშაა. 

"ეს შტამი დიდი ხანი იყო ჩვენს რადარზე და მას მრავალი შანსი ჰქონდა გავრცელებისთვის, თუმცა ასე არ მომხდარა". – თქვა WHO-ს წარმომადგენელმა, აბდი მაჰმუდმა. 

B.1.640.2 ვარიანტმა საერთაშორისო ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც საფრანგეთში ინფიცირების ათზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. IHU კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერების მტკიცებით კი, შტამი 46 მუტაციას შეიცავდა, რასაც, შესაძლოა, მისი გავრცელების შესაძლებლობები გაეზარდა. 

აღსანიშნავია, რომ IHU-ს მკვლევრები არ გამორიცხავდნენ იმასაც, რომ მიუხედავად მუტაციების დიდი რაოდენობისა, ახალი შტამი არაფრით ყოფილიყო გამორჩეული COVID-19 სხვა ვარიანტებზე. 

"ვარიანტის ვირუსოლოგიურ, ეპიდემიოლოგიურ ან კლინიკურ მახასიათებლებზე სპეკულირება ზედმეტად ნაადრევია". – წერდნენ მკვლევრები. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მეცნიერები განაგრძობენ B.1.640.2 შტამსა და კორონავირუსის სხვა ვარიანტებზე დაკვირვების პროცესს.  

 

კომენტარები