ეკონომიკა

საქართველოში ინფლაციის შედეგად ბოსტნეულის ფასი 20.7%-ით, ხოლო პურის ფასი 20.2%-ით გაიზარდა

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.3%-ით გაიზარდა წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 13.9% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ასევე, ის 0.9%-ით აჭარბებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის [IMF] მოლოდინებს, რომელიც წლის ბოლოს ინფლაციის დონის 13%-მდე ზრდას ვარაუდობდა. 

ინფლაციის დონის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს. ეკონომისტებისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა. 

ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:

  • ზეთი და ცხიმი + 24.5% 
  • ბოსტნეული და ბაღჩეული + 20.7%
  • პური და პურპროდუქტები + 20.2%
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 19.8%
  • თევზეული + 16.5%
  • რძე, ყველი და კვერცხი + 15.3%
  • წყალი, უალკოჰოლო სასმელები და წვენები + 13.5%
  • ხილი და ყურძენი + 10.5% 
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები + 10.2%
  • ყავა, ჩაი და კაკაო + 6.1%

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 15.6%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.01 პროცენტული პუნქტით აისახა. 

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.3%-ით, რაც 2.24 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (+ 24.9%);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 43.5 პროცენტიანი მატება, რაც 3.64%-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (+ 64.7%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (+ 64.4%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (+ 8.0%).

კომენტარები