აშშ-ს საელჩო

ელჩმა დეგნანმა ქართველ ხალხს ბედობა მიულოცა და საელჩოს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა [VIDEO]

საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა ქმართან, დაგ მორისთან ერთად 2 იანვართან დაკავშირებით საელჩოს Facebook-გვერდზე მისალოცი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ე.წ ბედობის მილოცვასთან ერთად ელჩი სამომავლო დიპლომატიური მისიის სამომავლო გეგმებსა და პროექტებზეც საუბრობს. 

როგორც ელჩის ქმარი, დაგ მორისი ვიდეოში ამბობს, მას ძალიან მოსწონს ბედობის აღნიშვნის ტრადიცია – "დღეს 2 იანვარს ახალი წლის დაწყებას აღვნიშნავთ. ძალიან მომწონს ამ დღის გატარების ქართული ტრადიცია, ახალი ჩვევების დანერგვა, რომელსაც იმედია, 2022 წლის განმავლობაში მივყვებით. ეს ძალიან მაგონებს ახალი წლის მიზნების განსაზღვრასთან დაკავშირებულ ამერიკულ ტრადიციას".

ელჩი დეგნანის თქმით, აშშ-ს საელჩოს 2022 წლისთვის დიდი გეგმები აქვს და მათ შორის, ეს გეგმები მოიაზრებს იმ ადამიანების უფრო აქტიურად დახმარებას, ვისაც ნაკლებად გაუმართლათ. 

"წელს საქართველოსთან ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე იუბილეს აღვნიშნავთ და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებისა და საქართველოს ეკონომიკის აღდგენის დახმარების მიზნით უკვე არსებულ ჩვენს ძალიან ბევრ პროგრამასთან ერთად, დამატებით ბევრს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ შორის ყველაზე მოწყვლადებს დავეხმაროთ. უფრო კონკრეტულად, აშშ-ს საელჩოს გუნდი დაეხმარება ჩვენს ქართველ პარტნიორებს, გახსნან ახალი სკოლა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთის, სამედიცინო აღჭურვილობას გადავცემთ პედიატრიულ საავადმყოფოებს და მთაში მცხოვრები მოხუცებისთვის სახლებს ავაშენებთ. ეს სულ რამდენიმე პროექტი რომ ჩამოვთვალო. 

მე და დაგს ასევე გვაქვს ჩვენი პერსონალური საახალწლო მიზნებიც, რომ მეტი გავაკეთოთ მათთვის, ვისაც ჩვენზე ნაკლებად გაუმართლა". – ამბობს ელჩი. 

ამ მიზნის ფარგლებში ელჩი და მისი ქმარი ქუჩაში უპატრონოდ მიტოვებულ ძაღლებს იფარებენ და მათ ვეტერინარულ დახმარებას უწევენ. ვიდეოში წყვილი სწორედ ორ ასეთ ძაღლს ეფერება. 

კომენტარები