მიხეილ სააკაშვილი

ჩალაძე: რუსთავის ციხეში მივიდა გორიდან ესკორტი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ჩალაძის ინფორმაციით, მანქანების ესკორტი, რომლითაც, სავარაუდოდ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაიყვანეს, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა.

"რუსთავის ციხეში მივიდა გორიდან ესკორტი". – წერს ჩალაძე და რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან კადრებს ავრცელებს.

კადრების გავრცელებამდე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ექსპრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაიყვანეს.


27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ მის პალატაში 6 ადამიანი შევიდა და უთხრეს, რომ გადაჰყავდათ. მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც არ დაემორჩილა, მისი გადაყვანა ძალის გამოყენებით სცადეს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა. პენიტენციურის ინფორმაციით, ექიმებმა სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გაწერის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება, თუმცა ის თანამშრომლებს არ დაემორჩილა, რის გამოც მისი გადაყვანა დროებით გადავადდა.

28 დეკემბერს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ სამინისტროს ვალდებულებაა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწერილი პატიმარი პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნოს, თუმცა ბრეგაძეს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის იგეგმებოდა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა.

ენმ-ს წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი 29 დეკემბერს მოინახულა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. ექსპრეზიდენტი პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობდა. 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით შეჰყავთ. 20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. იგი მკურნალობას კვლავ გორის ჰოსპიტალში აგრძელებს.

კომენტარები