ისრაელი-სირია

მედია: ისრაელმა სირიაში, ლატაკიის პორტზე იერიში მიიტანა

სიტუაცია ლატაკიის პორტში
The Times of Israel

სხვადასხვა მედიების ცნობით, ისრაელის ავიაგამანადგურებლებმა ლატაკიაში, სირიის მთავარ პორტზე იერიში მიიტანეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში, საკუთარი ეტიკეტის შესაბამისად, მომხდარზე კომენტარი არ გააკეთეს, იერიში არც დაადაასტურეს და არც უარყვეს. 

მოწმეების ცნობით, პორტში რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა, რასაც მოჰყვა კიდევ ერთი დიდი აფეთქება, რაც სავარაუდოდ აქ განთავსებულმა საბრძოლო მასალებმა გამოიწვია. 

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელთან დაპირისპირებული ირანის მარიონეტული დაჯგუფება ჰეზბოლა პორტიდან შეიარაღებას იღებდა, იერუსალიმი ამ მიდამოებში იერიშებისგან ძირითადად თავს იკავებდა, რადგან აქ დიდი რუსული სამხედრო კონტინგენტია განთავსებული. ისრაელის ამ მიდგომით სარგებლობს ირანი, რომელიც ცდილობს მარიონეტულ დაჯგუფებებს შეიარაღება რუსი სამხედროების განლაგების მახლობლად მიაწოდოს.

თავდაცვის ძალების მიერ დატასტურებისგან თავის შეკავების მიუხედავად, მომხდარის შემდეგ კომენტარი გააკეთა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა.

"რეგიონის ყველა ქვეყანას მოვუწოდებ შეაჩერონ ირანის მიერ მათი სუვერენიტეტისა და მოქალაქეების დაზიანება. ისრაელი ირანს არ მისცემს რეგიონში მარიონეტული ჯგუფებისთვის თამაშის შემცვლელი იარაღების მიწოდებისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის საფრთხის შექმნის ნებას", – თქვა ბენი განცმა.

"წელსაც ჩვენ სხვადასხვა ფრონტზე მყოფი საფრთხეების წინააღმდეგ  ვმოქმედებდით. ყველა მათგანს ახალისებდა ირანი, რომელიც ჩემი ერისა და ახლო აღმოსავლეთის მაცხოვრებლების უდიდესი მტერია", – დაამატა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ეს ამ თვეში სირიაში განხორციელებული მეორე იერიშია, რომელსაც ისრაელს მიაწერენ. 

სირიული მედიის ცნობით, რაკეტები პორტისკენ ხმელთაშუა ზღვის მიმართულებიდან წამოვიდა. აფეთქების შედეგად, პორტში დიდი ხანძარი გაჩნდა, რომლის ჩაქრობასაც სირიელი მეხანძრეები ცდილობდნენ. ასევე სირიული მედიის ცნობით, აფეთქებამ დააზიანა ახლოს მდებარე სახლები, მაღაზიები, საავადმყოფო და ტურისტული ობიექტები. 

აქამდე, ისრაელზე მიწერილი კიდევ ერთი იერიში ლატაკიის ტერიტორიაზე, თუმცა არა პორტზე, 2018 წელს მოხდა, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა შემთხვევით რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რამაც იერუსალიმსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა გამოიწვია. ასევე, ისრაელს მიაწერენ ლატაკიაში 2014 წლის 1 და 2013 წლის 2 იერიშს.

ისრაელი იერიშებს სირიაში ხშირად ახორციელებს, იმ ძალებისა და დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომელთაც ირანი აფინანსებთ. თუმცა იერუსალიმი თავდასხმებს იშვიათად ადასტურებს. თუმცა, ისრაელს აღიარებული აქვს, რომ ის სამიზნეში იღებს ხოლმე ირანის დაფინანსებული დაჯგუფებების ბაზებს.

კომენტარები