მიხეილ სააკაშვილი

სახალხო დამცველის წარმომადგენელი მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს

კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის წარმომადგენლის, საბა ბრაჭველის თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს. ბრაჭველის თქმით, შეხვედრის მიზანი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება იყო.

"რაც გვითხრეს, არის ის, რომ ამჟამად პაციენტს მეთვალყურეობს რეანიმატოლოგი. ჩვენ რეანიმატოლოგთან შეხვედრაზეც თანახმა ვიყავით, მაგრამ ამაზეც გვითხრეს უარი, არც დოკუმენტაცია არ გაგვაცნეს და არც პაციენტს არ შეგვახვედრეს. ყველაფერზე იყო აბსოლუტური უარი, სავარაუდოდ, ადმინისტრაციის უფროსის მხრიდან. შესაბამისად, ეს ყველაფერი აჩენს კითხვებს". – თქვა ბრაჭველმა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის პატიმართან არშეშვება კანონდარღვევაა და ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება. 

"სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, ჩვენ გვაქვს უფლება, რომ შევიდეთ და შევხვდეთ ნებისმიერ დროს თავისუფლებააღკვეთილ პირს დახურულ დაწესებულებაში. ამჟამად სააკაშვილი მოთავსებულია ჰოსპიტალში, თუმცა მასზე ვრცელდება ყველა ის წესი, რომლებიც ვრცელდება სხვა პატიმრებზე. შესაბამისად, ჩვენი დაბრკოლება წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის დარღვევას, ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება, რასაც ჩვენ გადავწყვეტთ და შესაბამისად მივმართავთ ორგანოებს". – ამბობს ბრაჭველი.

ბრაჭველის თქმით, მათ უთხრეს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ამიტომ 29 დეკემბერს მას ახალი მკურნალი ექიმი დაენიშნება.

27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ მასთან 6 ადამიანი შევიდა და უთხრეს, რომ გადაჰყავდათ, თუმცა, ექსპრეზიდენტმა არ იცის – სად. მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც არ დაემორჩილა, მისი გადაყვანა ძალის გამოყენებით სცადეს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა. პენიტენციურის ინფორმაციით, ექიმებმა სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გაწერის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება, თუმცა ის თანამშრომლებს არ დაემორჩილა, რის გამოც მისი გადაყვანა დროებით გადავადდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მნახველების შესვლაზე შეზღუდვა დააწესეს და ყოველდღიურად მხოლოდ ერთ ადამიანს შეუშვებენ.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. ექსპრეზიდენტი პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობდა. 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით შეჰყავთ. 20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. იგი მკურნალობას კვლავ გორის ჰოსპიტალში აგრძელებს.

კომენტარები