მიხეილ სააკაშვილი

დეკანოიძე: სააკაშვილთან მნახველების შეზღუდვა დააწესეს – მხოლოდ ერთი ადამიანი შევა დღეში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მნახველების შესვლაზე შეზღუდვა დააწესეს და ყოველდღიურად მხოლოდ ერთ ადამიანს შეუშვებენ

"სააკაშვილთან მნახველების შეზღუდვა დააწესეს. არ შემიშვეს მე, მისი ადვოკატები და პირადი ექიმი. გვითხრეს, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი შევა დღეში. არავითარი ინფორმაცია არ გამოსულა არც ადრე და არც ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ. სააკაშვილის მდგომარეობასთან ერთად, ვწუხვარ ექიმ გოგორიშვილზე. დარწმუნებული ვარ, მძიმე ზეწოლის ქვეშ იმყოფება". – წერს დეკანოიძე.

27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ მასთან 6 ადამიანი შევიდა და უთხრეს, რომ გადაჰყავდათ, თუმცა, ექსპრეზიდენტმა არ იცის – სად. მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც არ დაემორჩილა, მისი გადაყვანა ძალის გამოყენებით სცადეს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა. პენიტენციურის ინფორმაციით, ექიმებმა სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გაწერის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება, თუმცა ის თანამშრომლებს არ დაემორჩილა, რის გამოც მისი გადაყვანა დროებით გადავადდა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. ექსპრეზიდენტი პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობდა. 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით შეჰყავთ. 20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. იგი მკურნალობას კვლავ გორის ჰოსპიტალში აგრძელებს.

კომენტარები