ეკონომიკა

რა დაგიჯდებათ ტრადიციული საახალწლო სუფრა? 

ISET-ის ინფორმაციით, ტრადიციული საახალწლო სუფრა საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს 183 ლარი დაუჯდებათ, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 8.3%-ით მეტია. 

კვლევითი ინსტიტუტის ინდექსი 5-6-სულიანი ოჯახისთვის ისეთი ტრადიციული კერძების ღირებულებას ითვლის, როგორიცაა:  მწვადი, საცივი, ხაჭაპური, კალმახი, ქათმის ტაბაკა (შემწვარი), ოლივიეს სალათი, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათი, გოზინაყი და ხილი.
 
სუფრის ინდექსის მიხედვით, საახალწლო სუფრა ყველაზე იაფი (176.5 ლარი) კახეთშია, ყველაზე ძვირი კი (189.1 ლარი) – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. ყველაზე მაღალი ზრდა სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა, სადაც საახალწლო სუფრის ღირებულებამ 177.3 ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14.8%-ით მაღალია.

საახალწლო სუფრის ღირებულება რეგიონების მიხედვით:

  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 189.1 ლარი, + 5.5%
  • იმერეთი - 186.3 ლარი, + 9.5%
  • მცხეთა-მთიანეთი - 185.8 ლარი, + 8.3%
  • სამცხე-ჯავახეთი - 183.7 ლარი, + 8.1%
  • ქვემო ქართლი - 183 ლარი, + 4.5%
  • აჭარა - 182.6 ლარი, + 8.3%
  • შიდა ქართლი - 180.4 ლარი, + 11.0%
  • გურია - 177.8 ლარი, + 8.3%
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 177.3 ლარი, + 14.8%
  • კახეთი - 176.5 ლარი, + 6.0%

2021 წლის დეკემბერში, გასულ წელთან შედარებით, თითქმის ყველა სახის საკვები პროდუქტი გაძვირდა. ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ სურსათზე: კვერცხი (+38%), ყველი (+12%), კარტოფილი (+35%), სტაფილო (+38%), კიტრი (+15/9%), ვაშლი (+18%), რძე (+13%).

"სურსათის ფასები იზრდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რასაც სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიშიც ადასტურებს. ასეთი მაღალი ინფლაცია 2011 წლის სურსათის ფასების კრიზისის შემდეგ არ დაფიქსირებულა. მაგალითისთვის, ნოემბერში, წლიურ ჭრილში, ფასები 27.3%-ით გაიზარდა. როგორც წესი, საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდა საქართველოში წლიური ინფლაციის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია ხოლმე". – წერია ანგარიშში.

 

კომენტარები