ბრმა ტყვია

RFE/RL: პოლიციელმა, რომლის ბრმა ტყვიასაც ქალი ემსხვერპლა, პატიმრობაში სულ 15 თვე გაატარა

მიხა კლოტვიკი / Shutterstock

პოლიციელი, რომლის ბრმა ტყვიასაც 50 წლის თამარ ანთელავა ემსხვერპლა, თავისუფალია. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მან პატიმრობაში 15 თვე გაატარა.

რადიო თავისუფლების საგამოძიებო მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით განიხილა და პოლიციელ სოსო გაბრიაძეს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი სააპელაციო ინსტანციაში მსჯავრდებულის ადვოკატმა გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ კი ბრალდების მუხლი შეამსუბუქა.

უწყების განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ საკასაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, საჩივარი განსახილველად არ იქნა დაშვებული.

რადიო თავისუფლება წერს, რომ როგორც გარდაცვლილის სიძემ მათთან საუბრისას თქვა, ოჯახის წევრებზე დიდი როლი დეკანოზ შალვა კეკელიასთან საუბარმა ითამაშა. ის ჰყვება, რომ მოძღვარმა გარდაცვლილი შვილს უთხრა, არ მიეღო მონაწილეობა 15 წლით ადამიანის დასჯაში, რადგან პოლიციელს ეს დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია.  

თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, თიკა მახალდიანის ოჯახმა გაბრიაძის გათავისუფლების შესახებ დაზუსტებით რადიო თავისუფლებიდან შეიტყო, მახალდიანის მეუღლის თქმით, ამის შესახებ ყურმოკვრით იცოდა, თუმცა დადასტურებული ფაქტი და ციხიდან გამოსვლის დრო არ იცოდნენ.

რა ფაქტობრივ გარემოებებს დაეყრდნო სასამართლო სასჯელის შემსუბუქებისას უცნობია.

2020 წლის 19 აპრილს პოლიციელის მიერ აივნიდან გასროლილმა ბრმა ტყვიამ 50 წლის ქალი მოკლა. გარდაცვლილს ტყვია საკუთარ სახლში მოხვდა. ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციელმა, სოსო გაბრიაძემ, რომლის გასროლილ ბრმა ტყვიასაც ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, აივნიდან ნასვამმა აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად გაისროლა.

პროკურატურა გაბრიაძეს განზრახ მკვლელობას ედავებოდა, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები