ბრმა ტყვია

ბოკერია პოლიციელის ბრმა ტყვიით ქალის სიკვდილზე: ივანიშვილის გუნდის პოლიტიკის შედეგს ჰგავს

ტაბულა

"ცალკე აღებული, კი შეიძლება, ასეთი რამე ნებისმიერ ქვეყანაში მოხდეს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში საგანგაშო ის არის, რომ ეს ჰგავს იმ შედეგებს, რაც მოიტანა ივანიშვილის გუნდის პოლიტიკამ მთელი ამ წლების განმავლობაში" - ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ნასვამი პოლიციელის მხრიდან გასროლის შედეგად ქალის სიკვდილს. მან აღნიშნა, რომ მთავრობის პოლიტიკაა - დაუსჯელობა, ძალადობის წახალისება, ინსტიტუტების და კანონის უპატივცემულობა, ყველაფრის მართვის არაფორმალური წესები და ხშირად, უკანონობის პირდაპირ წახალისება.

"დღევანდელი მოცემულობის პირობებში ყველა ასეთი პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ იჩენს ხოლმე თავს, ძალიან სახიფათოა ამ ვითარების შენარჩუნება, იმიტომ, რომ გაღრმავდება ეს პრობლემები, აღარ შეიძლება ამ ეკონომიკური შეზღუდვების და ამ სტრესის გაგრძელება მთელ საზოგადოებაზე, ამ მთავრობის პირობებში ეს ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, არამარტო ეკონომიკაში, არამედ, ძალადობასთან და პანიკურ ვითარებასთან დაკავშირებით" - ამბობს ბოკერია.

ბრმა ტყვია, რომელსაც ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, ნასვამმა პოლიციელმა 19 აპრილს აივნიდან გაისროლა. ბრალდებული 20 აპრილს დააკავეს.  

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 

კომენტარები