ბრმა ტყვია

ადვოკატი: ნასვამმა პოლიციელმა აივნიდან, სამსახურებრივი იარაღით, აღდგომის აღსანიშნად ისროლა

ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციელმა, სოსო გაბრიაძემ, რომლის გასროლილ ბრმა ტყვიასაც ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, აივნიდან ნასვამმა აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად გაისროლა. მისივე თქმით, დაკავებული აღიარებს, რომ კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ნამდვილად ისროლა. ადვოკატი ნუგზარ წერეთელი ამბობს, რომ ბრალდებულმა სამსახურებრივი იარაღიდან გაისროლა. 

"ფაქტია, რომ უბედური შემთხვევა არის ზუსტად ამ კატეგორიის და ამ ტიპის შემთხვევა, როცა ყოველგვარი განზრახვის გარეშე დგება ის ლეტალური შედეგი, რომელიც მოცემულ შეთხვევაში დადგა",- ამბობს ადვოკატი. 

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციელი მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა აღდგომას, თუმცა გასროლისას ის მარტო იყო. 

"კომენდანტის საათის დაწყებამდე მეგობრები დაიშალნენ და შემდეგ საკუთარი აივნიდან გაისროლა. ისროლა და როგორც ყვება, დაწვა დასაძინებლად. გავიდა რამდენიმე საათი და მას მიაკითხა პოლიციამ", - ყვება ადვოკატი.

19 აპრილს პოლიციელის მიერ აივნიდან გასროლილმა ბრმა ტყვიამ 50 წლის ქალი მოკლა. გარდაცვლილს ტყვია საკუთარ სახლში მოხვდა. 

პოლიციელი მეორე დღეს დააკავეს. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

კომენტარები