კორონავირუსი

"მოკლე ხანში გაგაცნობთ, როდის იქნება ხელმისაწვდომი" – გაბუნია Pfizer-ის ანტივირუსულ აბებზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ Pfizer-ის პირველი ანტივირუსული აბების, Paxlovid-ის მიღებაზე მუშაობა დაწყებული აქვთ და დეტალებს, თუ როდის იქნება აბები საქართველოში ხელმისაწვდომი, საზოგადოებას "მოკლე ხანში" გააცნობენ. 

"ძალიან კარგია ის, რომ გუშინ ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტომ მისცა გადაუდებელი ავტორიზაცია კონკრეტულად კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულ მედიკამენტს. ეს ძალიან იმედმომცემი სიახლეა. ჩვენ ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და მოკლე ხანში შესაძლებლობა გვექნება, რომ საზოგადოებას გავაცნოთ ის დეტალები, თუ კონკრეტულად როდის იქნება ხელმისაწყვდომი ეს მედიკამენტი.  

მედიკამენტის გამოყენება ხდება ბინის პირობებშიც, რადგან მას არ სჭირდება განსაკუთრებული ზედამხედველობა მოხმარების პროცესში. რეკომენდაციაა და, უმჯობესია, პროგნოზულად მაღალი რისკი ვისაც აქვს, იმ პირებში მოხდეს მედიკამენტის გამოყენება და ძალიან იმედმომცემია შედეგები, რომლებსაც ეს მედიკამენტი კვლევების შედეგად აჩვენებს - ჰოსპიტალიზაციის შემცირების თვალსაზრისით, რომელსაც თან ახლავს გართულებისა და ლეტალობის შემცირებაც". - ამბობს გაბუნია. 

კითხვაზე, იქნება თუ არა მედიკამენტი უფასო, გაბუნია პასუხობს: 

"ყველაფერი, რა დანახარჯიც უკავშირდება კოვიდს, ეს არის დაფარული სახელმწიფო ხარჯებით. რა თქმა უნდა, როგორც ვაქცინის ხელმისაწვდომობა არ ხდება ჯერჯერობით კომერციულ საფუძველზე, ასევე კოვიდის მედიკამენტების დაფარვა სრულად ხდება სახელმწიფოს მიერ". 


აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) Pfizer-ის პირველ ანტივირუსულ აბებს, Paxlovid-ს ავტორიზაცია მიანიჭა. ეს კორონავირუსის სამკურნალო პირველი ავტორიზებული ტაბლეტია, რომელსაც ინფიცირებული მანამდე მიიღებს, სანამ ისეთ მდგომარეობამდე მივა, რომ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდეს. 12 წელს ზემოთ რისკ ჯგუფებში შემავალი ინფიცირებულები, რომლებიც მინიმუმ 40 კგ-ს იწონიან, აბების მიღებას ექიმის დანიშნულების შესაბამისად შეძლებენ.

როგორც FDA-ს განცხადებაში წერია, აბების მიღება რეკომენდებულია კორონავირუსის დიაგნოზის დასმიდან მაქსიმალურად მალე და სიმპტომების გამოვლენიდან 5 დღის განმავლობაში.

გასულ კვირაში Pfizer-მა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, Paxlovid-ით მკურნალობა 89 %-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის ან გარდაცვალების რისკებს. FDA-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზემოხსენებული აბები კორონავირუსის პრევენციისთვის არ არის განკუთვნილი და არ ჩაანაცვლებს ვაქცინას.

კომენტარები