დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

უკრაინასთან დაძაბულობის ფონზე, რუსი მედესანტეები ყირიმში წვრთნებს გამართავენ

რუსი მედესანტეები პარადზე

რუსული მედია ინტერფაქსის ინფორმაციით, 1200-ზე მეტი რუსი მედესანტე, 250-ზე მეტი სამხედრო ტექნიკის ერთეულით აზოვის ზღვის აუზის მოსაზღვრე კრასნოდარის მხარესა და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო წვრთნებს გამართავს. 

წვრთნები 23 დეკემბერს ყირიმში დაიწყება, 24 დეკემბერს კი ნოვოროსიისკის მიდამოებში. 

წვრთნების ფარგლებში რუსი სამხედროები იმუშავებენ დესანტის გადასხმაზე, საარტილერიო იერიშზე, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და საჰაერო საფრთხეებისგან დაცვაზე, ასევე ტერიტორიის განაღმვაზე.

"შემუშავებული იქნება სადესანტო იერიშის, საარტილერიო დანაყოფებისა და რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის დანაყოფების საბრძოლო მოქმედებები, ასევე ტერიტორიის განაღმვა და სამხედროების საჰაერო თავდასხმის მეთოდებისა და უპილოტო საფრენი აპარატებისგან დაცვა", – ამბობენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ინტერფაქსის ინფორმაციით, სადესანტო ჯარები ვერტმფრენებით ივარჯიშებენ სადესანტო იერიშის განსახორციელებლად, დაკავებული ტერიტორიის დაბლოკვის მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ძირითადი სამხედრო ძალის ჩქარი შეტევა. 

აქამდე, რუსი სამხედროები აცხადებდნენ, რომ დეკემბრის დასაწყისისთვის, ყირიმში სადესანტო-საიერიშო ახალი პოლკის ფორმირებას დაასრულებდნენ. ახალი პოლკი ნოვოროსიისკის საჰაერო-სადესანტო ძალების დანაყოფს შეუერთდა. 


უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

პარალელურად დაძაბულია NATO-სა და რუსეთის ურთიერთობა. 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები