დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

DIE WELT: რუსეთის გამო NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები მაღალი მზადყოფნის რეჟიმში გადავიდა

NATO-მ უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მობილიზების გამო სწრაფი რეაგირების ძალები, რომლებიც 40 000 სამხედროს ითვლის, მაღალი მზადყოფნის რეჟიმში გადაიყვანა. ინფრომაციას გერმანული გამოცემა Die Welt-ი NATO-ს მაღალჩინოსან დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროს თანახმად, მაღალი მზადყოფნის გაერთიანებული ოპერატიული ჯგუფი კრიზისულ რეგიონში მოქმედებისთვის 5 დღეში უნდა იყოს მზად და არა 7-ში, როგორც ეს აქამდე იყო. მაღალი მზადყოფნის რეჟიმში ასევე გადავიდა სპეციალური დანიშნულების რაზმი და ლოჯისტიკის ქვედანაყოფი.

"NATO-ს მოკავშირეებმა ნათლად თქვეს, რომ რუსეთის ქმედებები უნდა იყოს გამჭვირვალე, რუსეთმა უნდა შეამციროს დაძაბულობა და ჩვენ ასევე ნათლად ვთქვით, რომ ნებისმიერ შემდგომ აგრესიას მოჰყვება შედეგები. NATO-ს პოლიტიკა რუსეთის მიმართ რჩება თანმიმდევრული: თავდაცვა და დიალოგი." – თქვა NATO-ს წარმომადგენელმა გამოცემასთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის საზღვრებთან დაძაბულობის ფონზე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში უკრაინის დასახმარებლად აშშ-ს სამხედრო ძალების გაგზავნა არ განიხილება, თუმცა აშშ-ს და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის წევრებისთვის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით დამატებითი ძალების გაგზავნა მოუწევთ. დასავლეთი რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრას მისთვის სავალალო ეკონომიკური შედეგები ექნება.

უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები