უკრაინა

ზელენსკი: 30-50 წელი მოცდა მიუღებელია, NATO-სგან 2022 წელს კონკრეტული პერსპექტივა გვინდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-სგან 2022 წელს კონკრეტული პერსპექტივის მიღებას ითხოვს.

"დღეს ვერ მივიღებთ თეზისს, რომელიც ახლაც პოპულარულია, ევროკვშირში 30 წელში, NATO-ში კი, დაახლოებით, 50 წელში გაწევრიანებაზე. ეს ყველას დემოტივაციას იწვევს და ყველას ანელებს. ჩქარი სვლისთვის ჩვენ დრო არ უნდა დავხარჯოთ მეორეხარისხოვან რაღაცებზე", – ამბობს ზელენსკი. 

პრეზიდენტი ზელენსკის თქმით, უკრაინა ესწრაფვის ევროკავშირში უახლოეს მომავალში გაწევრიანებასა და NATO-სგან ძალიან კონკრეტული პერსპექტივის მიღებას. 

"მისი მიღება 2022 წლისთვის გვსურს", – ამბობს ზელენსკი NATO-სგან პერსპექტივის მიღებაზე. 

ზელენსკის თქმით, ამის მისაღწევად, უკრაინული უფრო ჩქარი უნდა იყოს. 

უკრაინის ჩრდილოატლანნტიკურ ალიანსში გაწევრიანებას რუსეთი კვლავ ეწინააღმდეგება. რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის ფონზე, 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

რუსეთის ამ მოთხოვნას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყება განცხადებას "მიუღებლად" მიიჩნევს.

კომენტარები