ენერგეტიკა

GOLDMAN SACHS: სავარაუდოდ, ნავთობის ფასები რეკორდულად გაიზრდება, ბარელი $100-ს მიაღწევს

Shutterstock

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, 2022-2023 წლებში ნავთობის ფასები რეკორდული ტემპით გაიზრდება და საერთაშორისო ბაზრებზე ბარელი ნავთობის ღირებულება 100 დოლარს მიაღწევს

"ომიკრონის გამოჩენამდე ჩვენ უკვე გვქონა რეკორდულად მაღალი მოთხოვნა და ფასები ნავთობზე. გლობალური ეკონომიკა და საჰაერო ტრანსპორტზე მოთხოვნა ისევ იზრდება. მოთხოვნის ზრდის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, 2022 წელს ნავთობის ღირებულება რეკორდულ ნიშნულებს მიაღწევს". – თქვა ბანკის ენერგეტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დემიენ კურვალინმა.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში Crude-ის ტიპის ნავთობის ღირებულებამ 86.5 დოლარს მიაღწია, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით გაუარესებული ეპიდვითარებისა და მობილობის შეზღუდვით შემცირებული მოთხოვნის გამო, მისი ფასი 72 დოლარამდე შემცირდა.

ანალიტიკოსების ვარაუდით, თუკი გლობალური ეკონომიკის აღდგენის პარალელურად ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC+) ნავთობის მიწოდებას მოთხოვნის შესაბამისად არ გაზრდის, საწვავსა და სხვა სახის ენერგოპროდუქტებზე ფასები მკვეთრად გაიზრდება. 

კურვალინის თქმით, გასათვალისწინებელია მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილი ინფლაციის მაჩვენებელიც, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ენერგოპროდუქტების ფასებზე. მისი ვარაუდით, თუკი მაღალი ინფლაციის დონე შენარჩუნდება, შესაძლებელია, რომ 2023 წელს ბარელი ნავთობის ღირებულებამ 110 დოლარსაც მიაღწიოს. 

Crude-ის ტიპის ნავთობის ღირებულება

 

კომენტარები