ჰოლივუდი

ლეონარდო დიკაპრიო საკუთარი ძაღლის გადასარჩენად გაყინულ ტბაში გადახტა

EW

გამოცემა Entertainment Weekly-მ ახალი კომედიის, Don't Look Up-ის მსახიობები ლეონარდო დიკაპრიო, ჯენიფერ ლოურენსი, მერილ სტრიპი, ჯონა ჰილი და ტაილერ პერი ფილმზე სალაპარაკოდ მიიწვია. 

დიკაპრიო გადასაღებ მოედანზე თავის ორ ჰასკისთან ერთად მოდიოდა ხოლმე, რომელთაც მთელი გადამღები ჯგუფი მალევე დაუმეგობრდა.

მსახიობების თქმით ზამთრის სცენების გადაღებისას ერთ ერთი ჰასკი გაყინულ ტბაში ჩახტა და უკან ამოსვლას ვერ ახერხებდა. დიკაპრიო მაშინვე წყალში გადახტა და ძაღლის გადასარჩენად გაცურა. ძაღლი და მსახიობი თითქმის გამოსულები იყვნენ ნაპირზე, როდესაც წყალში მათ დასახმარებლად მეორე ჰასკი გადმოხტა. საბოლოოდ ორივე ძაღლმა და პატრონმა წყლიდან გამოაღწიეს. მსახიობებმა ხუმრობით ტიტანიკის პერსონაჟი ჯეკი გაიხსენეს, რომელიც სიუჟეტის მიხედვით ყინულოვან წყალში იღუპება.

ეს მსახიობი წყალთან დაკავშირებული პირველი გმირობა არ არის. 2019 წლის დეკემბერში დიკაპრიომ ოკეანეში დაკარგული ადამიანი საკუთარი იახტით გადაარჩინა. კაცი გემიდან გადმოვარდა და წყალში 11 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

Don't Look Up ადამ მაკკის ახალი კომედიაა, რომელმაც ოქროს გლობუსის მთავარი ნომინაცია მიიღო. ფილმის ნახვა სტრიმინგის სერვისზე Netflix არის შესაძლებელი.

 

კომენტარები