აზარტული თამაშები

ზარქუა: ტელევიზიების თხოვნით, აზარტული თამაშების რეკლამა მარტიდან აიკრძალება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრის, დეპუტატ ირაკლი ზარქუას თქმით, ტელევიზიებთან კონსულტაციისა და მათი თხოვნის შემდეგ, ქვეყანაში აზარტული თამაშების რეკლამირება პირველი იანვრის ნაცვლად მარტიდან აიკრძალება.

"მარტიდან იკრძალება რეკლამირება, საგადასახადო კუთხით პირველი იანვრიდან, უბრალოდ ის თხოვნა, რომ ტელევიზიებს მიეცეთ საშუალება, რომ გადაეწყონ, რამდენიმე თვეს ვაძლევთ და სწორი იყო ეს მიგნება. გვქონდა საუბარი ყველა უწყებასთან, მათ შორის, ასოციაციასთან, საპატრიარქოსთან. მედიასთან რომ გვქონდა პირველ განხილვაზე საუბარი, ამიტომ მოხდა ეს ცვლილება. ერთია სურვილი და მეორეა ოპტიმალური ვადა. ოპტიმალურ ვადად შეირჩა ეს". – თქვა ზარქუამ. 

15 დეკემბერს პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვის საკითხს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.  საქართველოს მთავრობა აზარტული თამაშების სფეროს მკაცრად დარეგულირებას, ონლაინ კაზინოების შეზღუდვას და გადასახადების გაზრდას გეგმავს. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აზარტული თამაშების კომპანიებს რეკლამის განთავსების უფლება სრულად შეეზღუდებათ, 25 წლამდე ასაკის პირებს კი – თამაშის უფლება. 

კომენტარები