ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა შეუფარდეს

რადიო თავისუფლება

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს, ვადიმ კრასიკოვს გერმანიის სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია სასამართლოზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრალდებულმა ხანგოშვილი 2019 წელს ბერლინში, ერთ-ერთ პარკში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლა.

"არაუგვიანეს 2019 წლის ივნისისა, რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოებმა გადაწყვიტეს თორნიკე [ზელიმხან] ხანგოშვილის მოკვლა ბერლინში. ოთხმა შვილმა მამა დაკარგა, ორმა დედმამიშვილმა კი ძმა. ზოგიერთი მედია საქმეს ისე აშუქებს, რომ თითქოს რუსეთს, ან ვლადიმირ პუტინს ვასამართლებთ, თუმცა, ეს შეცდომაში შემყვანია: ბრალდებულის სკამზე მხოლოდ გასამართლებული ზის" - თქვა მოსამართლე ოლაფ არნოლდიმ.

განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში ბრალდებული კრასიკოვისთვის უვადო პატიმრობა გერმანიის პროკურატურამ გასულ კვირაში მოითხოვა.


საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს ბერლინში. მკვლელობაში ბრალდებით დაპატიმრებულს კი რუსეთის ფედერაციის პასპორტი აღმოაჩნდა, რომელიც ვადიმ კრასიკოვის სახელზეა გაცემული.

ამ საკითხზე ჩატარებული რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კრასიკოვი ФСБ-ს სპეცრაზმის ვეტერანი და რამდენიმე გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობის ფიგურანტია.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ კრასიკოვი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა.

2020 წლის იანვარში ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში გერმანიის პროკურატურა საქართველოს მთავრობას პრორუსულად მოიხსენიებს.

"შეკვეთილი მკვლელობის მიზეზი გარდაცვლილსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის არსებული მტრული ურთიერთობებია. მოკლულს ასეთივე ურთიერთობები აკავშირებდა ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან და, ასევე, საქართველოს პრორუსულ მთავრობასთანაც", — ნათქვამია განცხადებაში. 

გერმანულმა მხარემ რუსეთს რამდენჯერმე მიმართა გამოძიებაში დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. 2019 წლის 4 დეკემბერს გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით იგივე ზომები მიიღო მოსკოვმაც.

კომენტარები