ეკონომიკა

ხუციშვილი ხელფასების 10%-იან ზრდაზე: მეტი რესურსის მოძიება ვერ მოხერხდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, 2022 წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასების 10%-იანი ზრდა საკმარისი არაა, თუმცა, მომდევნო წლისთვის მეტი რესურსის მოძიება ვერ მოხერხდა. 

ფინანასთა მინისტრის თქმით, 2019-20 წლებში საჯარო სექტორში, ძირითადად, ჯარის, პოლიციისა და მასწავლებლების ხელფასები გაიზარდა, სხვა საჯარო დაწესებულებებში კი ზრდა არ ყოფილდა და შესაბამისად, ხუციშვილს მიაჩნია, რომ ხელფასების ზრდის გარეშე საჯარო სექტორში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება შეუძლებელი იქნება და გაურესდება მომსახურების ხარისხიც.

"თუ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, საშუალო ხელფასის ზრდის დინამიკას გავაანალიზებთ, მოსალოდნელია, რომ 2021 წლის ბოლოს, საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორში არსებულის 75%-ზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდეს. აღსანიშნავია, რომ 2019-2020 წლებში, ძირითადად, გაიზარდა ჯარის, პოლიციისა და მასწავლებელთა ხელფასები, ხოლო სხვა საჯარო დაწესებულებებში ზრდა თითქმის არ ყოფილა. თუ ჯარის, პოლიციისა და მასწავლებლების ხელფასების ზრდის ეფექტს გამოვაკლებთ, 2020 წელს საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორის 71%-ია.

ალბათ დამეთანხმებით, რომ მსგავსი პროპორციის პირობებში, შეუძლებელი იქნება საჯარო სექტორში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაუარესდება საჯარო მომსახურების ხარისხიც. ასევე, შეუძლებელი იქნება მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2022 წელს დაგეგმილია საჯარო მოხელეების ხელფასების 10%-იანი ზრდა, რაც, რა თქმა უნდა, არასაკმარისია, თუმცა ფისკალური კონსოლიდაციიდან გამომდინარე, მომდევნო წელს მეტი რესურსის მოძიება ვერ მოხერხდა". - ამბობს ფინანასთა მინისტრი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლიდან საჯარო მოხელეთა საბაზისო ხელფასი 1 100 ლარამდე იზრდება, თანამდებობის სარგოს 10%-იან მატებაზე კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 177 მილიონი ლარი დაიხარჯება. 

"საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის გათვალისწინებულია ხელფასების 10%-ით გაზრდა, მატება შეეხება ყველა მიმართულებით მომუშავე მოხელეებს, ჯარს, პოლიციას, სკოლებს და სხვა მიმართულებებს". – ამბობს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი. 

კომენტარები