პოლიტიკური კრიზისი

"ვართ მშვიდად, მტკიცედ, ყველა გამოწვევისთვის მზად" – ოპოზიციის წევრები ერთმანეთს ხვდებიან

ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia / Facebook

"ჩვენ ამ პოლიტიკურ დევნას უნდა დავუპირისპიროთ სიმშვიდე, სიმტკიცე, კოორდინაცია ოპოზიციურ ძალებს შორის და ამ პოლიტიკურმა დევნამ და ზეწოლამ ჩვენ არ უნდა დაგვაკარგინოს წონასწორობა, ვართ მშვიდად, მტკიცედ, ყველა გამოწვევისთვის ვართ მზად". - ამის შესახებ პარტია ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, ოპოზიციის წევრების შეხვედრის დაწყებამდე თქვა.

ხაზარაძის შეფასებით, პროკურატურის ბრალდებები აბსურდულია. მისი აზრით, დღევანდელი სასამართლო სისტემისთვისაც კი რთული იქნება, რომ გაიზიაროს ეს ბრალდებები. 

"იმდენად აბსურდულია ეს საქმე, რომელიც სამი წელიწადია მიმდინარეობს, რომლის მიზანიც არის ჩემი და მამუკა ხაზარაძის რეპუტაციის მაქსიმალური შელახვა, დამცირება, ზიანის მოყენება, ეს პროცესი მთავრდება ხვალ, ხვალ არის ბოლო სხდომა, გვექნება ჩვენ და ჩვენს ადვოკატებს საშუალება, რომ კიდევ ერთხელ ავუხსნათ საზოგადოებას რამდენად აბსურდულ ბრალდებასთან გვაქვს საქმე, რამდენად თითიდან გამოწოვილი და შეთითხნილია ეს ყველაფერი. რაც შეეხება მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილებას, მოდით დაველოდოთ ამ გადაწყვეტილებას, მე ვფიქრობ, რომ ასეთ ვითარებაში, იმდენად აბსურდულია ეს საქმე, დღევანდელი სასამართლო სისტემისთვისაც კი ძნელი იქნება ამ აბსურდის გაზიარება, თუმცა, უნდა დაველოდოთ მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელიც ალბათ, ორი კვირის განმავლობაში უნდა გამოცხადდეს". - ამბობს ჯაფარიძე. 

მისივე თქმით, ოპოზიცია მზად არის ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის და თუ პროცესი რადიკალური სცენარით წავა, ეს პირიქით, ოპოზიციის კონსოლიდირებას მოახდენს. 

"თუ რადიკალური სცენარით წავა პროცესი ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ვერ გაგვტეხავს, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება, თუმცა, ეს ზეწოლა და წნეხი ვერ მოახდენს ოპოზიციის გახლეჩვას, პირიქით, ეს მოახდენს ოპოზიციის კონსოლიდირებას. ჩვენი ამოცანა რჩება, იყო და მომავალშიც იქნება, რომ აღარ განმეორდეს ეს სიგიჟე, რადგან ქვეყანას სხვაგვარად პერსპექტივა არ ექნება". - ამბობს ხაზარაძე. 


ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, 2019 წლის 22 აგვისტოს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას, თიბისი ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, "რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება". ავთანდილ წერეთელი ტელეკომპანია პირველის ხელმძღვანელის, ვახტანგ წერეთლის მამაა.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესკი ბრალი 24 ივლისს წარუდგინეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათას ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული, ამასთან, პროკურატურის გაფრთხილების და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. 14 თებერვალს კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".

2020 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

2020 წლის 4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა.

ამ საქმეში ერთერთი მთავარი ფიგურანტი TV პირველის დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელია, რომელსაც პროკურატურა მას TBC ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 27 აგვისტოს 500 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

კომენტარები