პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: პროცესის ძირი ერთი ადამიანის პოლიტიკური დევნა არ არის, რეჟიმის ბუნებაა

სამწუხაროდ, ისეთ ღრმა კრიზისშია შეყვანილი ქვეყანა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის შედეგად, ჩვენ ვერ ვხედავთ სწრაფ პანაცეას, რომ ერთმა ნაბიჯმა კრიზისიდან გამოგვიყვანოს. ჩვენ გველის ბევრად უფრო გრძელვადიანი ბრძოლა, ვიდრე გვსურდა, რომ ეს ასე ყოფილიყო. ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ მოვისმინოთ ჩვენი პარტნიორების შეხედულებები, მათ შორის, იმ ხედვაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს გასაჯაროვებული და რომლის ერთ-ერთი კომპონენტი არის ამ კრიზისის ბოლომდე გაფორმება პარლამენტის საკითხზე. სხვა ყველა იდეას მოვისმენთ. 

პოლიტიკური დევნის შედეგად საფრთხე ემუქრება ნებისმიერ პოლიტიკურ ოპონენტს რეჟიმის სხვადასხვა მომენტში. ამ მომენტში, ბუნებრივია, ყველაზე უფრო ახლოს არის ლელოს ლიდერებისა და გვარამიას საკითხი, რადგან მათი პროცესები სრულდება. პროცესის ძირი ერთი ადამიანის დევნა კი არ არის, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, რეჟიმის ბუნებაა, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე ააქტიურებს პოლიტიკურ დევნას, ან, შეიძლება, ოდნავ შეაფერხოს - არსებითად, არაფერი იცვლება, ეს ინსტრუმენტი ხელში უჭირავს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი კომპლექსური მიდგომა რეჟიმთან ბრძოლისას. პოლიტიკური დევნა ამ რეჟიმის განუყოფელი ნაწილია. იმის ილუზია, რომ ამ კონკრეტულ დევნას გავაჩერებთ, ამ ერთ ადამიანს ვერ დაიჭერენ ან არ დააჭერინებს საზოგადოებრივი წნეხი და ეს პრობლემას გადაწყვეტს, სამწუხაროდ, მცდარია. არა იმიტომ, რომ ერთი რომელიმე ადამიანის ბედი უმნიშვნელოა, თითოეული პოლიტიკური დევნილისა და პატიმრის ბედი მნიშვნელოვანია, ოღონდ ამ მიდგომით ჩვენ ივანიშვილის რეჟიმის თამაშს ვთამაშობთ, თუ ამაზე ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ეს კონკრეტული ამბავი და მისი გადაწყვეტაა გასაღები, სანამ ბუნებას ინარჩუნებს რეჟიმი და სანამ მას აქვს ძალა. რეჟიმის მორყევას სჭირდება საზოგადოების იმ შრის გაფართოება, ვინც მის წინააღმდეგ პოლიტიკურ პროცესში ჩართვისთვის მზად იქნება. 

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრამდე. ოპოზიცია დღეს, 15 დეკემბერს სამომავლო გეგმებზე იმსჯელებს.

კომენტარები