აშშ-ჩინეთი

აშშ-მ ჩინელ, მიანმარელ და ჩრდილოეთ კორეელ მაღალჩინოსნებს ახალი სანქციები დაუწესა

სი ძინფინგი და ჯო ბაიდენი

აშშ-მ, კანადამ და გაერთიანებულმა სამეფომ ადამიანის უფლებების დარღვევების გამო ჩინელ, მიანმარელ და ჩრდილოეთ კორეელ მაღალჩინოსნებსა და კომპანიებს ახალი სანქციები დაუწესეს.

CNBC-ის ინფორმაციით, გარდა ეკონომიკური სანქციებისა, აშშ-მ ე.წ. შავ სიაში შეიყვანა ჩინური კომპანია SenseTime-ი, რომელმაც კომუნისტური პარტიის ბრძანებით სპეციალურად ეთნიკური უიღურების იდენტიფიკაციისთვის სახის ამოცნობის ავტომატური სისტემა შექმნა.

"ჩვენი დღევანდელი ქმედება აგზავნის მესიჯს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები იმოქმედებენ მათ წინააღმდეგ, ვინც ტანჯვისა და რეპრესიების მიზნით ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ". – თქვა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ, უოლი ადეიემომ. 

გადაწყვეტილებას ჩინეთის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ დაგმო აშშ-ს ქმედება და თეთრი სახლის ქმედებას ჩინეთის საშინაო საქმეებში ჩარევა უწოდა. 

"ეს სერიოზული ჩარევაა ჩინეთის საშინაო საქმეებში, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმების მწვავე დარღვევას წარმოადგენს". – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 


უიღურები ჩინეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არიან, რომელთა ძირითადი ნაწილი ისლამის მიმდევარია. მათი უმეტესობა სინძიანგის რეგიონში ცხოვრობს.

2018 წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანმანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის. ადამიანები, რომლებმაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე ყვებიან. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

ჩინეთის მთავრობა უიღურებს პოპულაციის გაკონტროლების მიზნით სხვადასხვა კონტრაცეპტივის გამოყენებას აიძულებს. სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწფო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით AP-მ გამოძიება ჩაატარა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ჩინეთის მთავრობა სინძიანის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებს, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი "დემოგრაფიულ გენოციდსაც" კი უწოდებს.

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია. დოკუმენტები მოიპოვა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა. იქ აღწერილია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15 000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 1.8 ადამიანი დაკვირვების ქვეშ მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ ტელეფონებში მონაცემთა გაზიარების აპლიკაცია Zapya ჰქონდათ. ამის შემდეგ მთავრობამ 40 000-ზე მეტი ადამიანის შესახებ გამოძიება მოითხოვა, რათა მათ მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა ბრძანება, რომ ისინი ბანაკებში გადაეყვანათ. გაიცა იმ უიღურების დაკავების ბრძანება, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. მონიტორინგი დაუწესეს საზღვარგარეთ მცხოვრებ უიღურებსაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ამ საქმიანობაში მათი საელჩოებიც არიან ჩართული.

2020 დეკემბერში ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტექნოლოგიას იყენებს ჩინეთი სინძიანგში უიღურების მასობრივი დაკავებებისთვის.

მანამდე New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. დოკუმენტებში ჩანს, როგორ ხდება სინძიანში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

2021 წლის დასაწყისში ჩინეთში ეთნიკური უმცირესობების წამებისა და ჯგუფური გაუპატიურების ახალი ფაქტები გავრცელდა.

  

კომენტარები