ერაყი

ერაყში აშშ-ს საბრძოლო მისია დასრულდა, მაგრამ ქვეყანაში 2 500 ამერიკელი სამხედრო დარჩება

ერაყში აშშ-ს საბრძოლო მისია დასრულდა. ადგილზე მყოფი სამხედროები დანიშნულებას იცვლიან და ახლა დამხმარე როლს შეასრულებენ, შესაბამისად, 2 500 ამერიკელი ჯარისკაცი ამ ქვეყანაში დარჩება. რეალურად, ერაყში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა უცვლელი დარჩება, რადგან აქამდეც ამავე რაოდენობის ჯარისკაცი იყო განლაგებული. 

ამერიკელი სამხედროების მისია ერაყში ახლა რჩევისა და დახმარების სახის იქნება.

ამერიკული მისიის სახის ცვლილებასთან ერთად, აშშ-ს ერთ-ერთი ლოჯისტიკური ბაზა ერაყის ალ-ანბარის პროვინციიდან ქუვეითში გადაიტანეს.

ინფორმაცია ერაყში აშშ-ს საბრძოლო მისიის დასრულების შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ ამ წლის ივლისში გახდა. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ერაყის პრემიერმინისტრთან, მუსტაფა ალ-კადიმისთან, თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ გააკეთა.მაშინ ბაიდენი მუსტაფა ალ-კადიმის დაჰპირდა, რომ აშშ-სა და ერაყის თანამშრომლობა კონტრტერორიზმში კვლავ გაგრძელდებოდა.

ბაიდენის ადმინისტრაცია ერაყიდან ძალების სრული გამოყვანის წინააღმდეგი ე.წ. ისლამური სახელმწიფოსა და ირანის საფრთხეების გამო რჩება.

ალ-კადიმი, რომელიც ვაშინგტონსა და თეირანს შორის ბალანსის შენარჩუნებას ცდილობს, ირანისა და მისი მარიონეტული შიიტური სამხედრო დაჯგუფებების მხრიდან დიდი წნეხის ქვეშ იყო. პროირანული ძალები ერაყიდან ამერიკელი სამხედროების სრულად გაყვანას ითხოვდნენ. 

ამერიკელმა სამხედროებმა ერაყი, სადაც 2003 წლიდან იმყოფებოდნენ, 2011 წელს დატოვეს, რადგან ადგილობრივ მთავრობასთან სამხედრო მისიის სტატუსზე ვერ შეთანხმდნენ. მას შემდეგ, რაც 2014 წელს ერაყსა და სირიაში ტერორისტული დაჯგუფების, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) გაძლიერება და მათ მიერ დიდი ტერიტორიების დაკავება დაიწყო, ერაყის მთავრობამ აშშ-ს სამხედროების დაბრუნება სთხოვა. მაშინ ISIS-ს ერაყის თითქმის 1/3 ჰქონდა დაკავებული. 

ამერიკული სამხედრო მისიის სტატუსის შეცვლა, როგორც ჩანს, პროირანულ ძალებს ჯერ კიდევ არ აკმაყოფილებს. 

ერთ-ერთი შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც დღეს ერაყის უსაფრთხოების ძალებთანაა გაერთიანებული, აცხადებს, რომ აშშ-ს არც ერთ პირობას არ ენდობიან. 

"თუ აშშ-ს ძალები წლის ბოლომდე არ გავლენ, ეს დახასიათდება მხოლოდ როგორც ოკუპაცია.  ერაყის ამერიკული ოკუპაციის სამიზნეში ამოღება დიდი პატივია და ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ფრაქციებს, რომელთაც ეს მიზანში აქვთ ამოღებული", – აცხადებს ერაყის უშიშროების ძალებთან გაერთიანებული პროირანული შეიარაღებული ჯგუფი, ჰარაკათ ჰეზბოლა ალ-ნუჯაბა. დაჯგუფება 2014 წელს, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ჩამოყალიბდა.

აშშ-მ ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო მისიის სტატუსის ცვლილების მიუხედავად, მათი ჯარისკაცები ინარჩუნებენ თავდაცვის უფლებას. 

ერაყში პროირანული დაჯგუფებები აწყობდნენ თავდასხმებს ამერიკის საელჩოსა და სამხედრო ბაზებზე. მხარეებს შორის ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ.

კომენტარები