ერაყი

აშშ-ს სამხედრო მისია ერაყში 2021 წლის ბოლოსთვის დასრულდება

ANADOLU AGENCY

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-ს სამხედრო ძალები ერაყში მისიას 2021 წლის ბოლოსთვის დაასრულებენ, თუმცა ერაყის სამხედრო ძალების მხარდაჭერას და წვრთნას გააგრძელებენ. განცხადება ჯო ბაიდენმა ერაყის პრემიერმინისტრთან, მუსტაფა ალ-კადჰიმისთან, თეთრ სახლში საუბრის შემდეგ გააკეთა.

შეხვედრისას ბაიდენი მუსტაფა ალ-კადიმის დაჰპირდა, რომ აშშ-ს და ერაყის თანამშრომლობა კონტრტერორიზმში კვლავ გაგრძელდებოდა.

"ჩვენი ურთიერთობა ახლა ისე ძლიერია, როგორც არასდროს. ჩვენი თანამშრომლობა არის ეკონომიკისთვის, გარემოსთვის, ჯანმრთელობისთვის, განათლებისთვის კულტურისთვის.." – თქვა მუსტაფა ალ-კადიმიმ.

ამჟამად ერაყში აშშ-ს 2 500 სამხედრო იმყოფება, ისინი ადგილობრივ ძალებს ე.წ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებიან.

"ჩვენი როლი ერაყში იქნება [ერაყის სამხედრო ძალების] წვრთნა, მხარდაჭერა და ე.წ ისლამურ სახელმწიფოსთან გამკლავებაში დახმარება, მაგრამ წლის ბოლოსთვის, ჩვენი მისია აღარ იქნება სამხედრო მისია". – თქვა ბაიდენმა.

ერაყში აშშ-ს მისია განსაკუთრებით პრობლემური საკითხი გასულ წელს ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ გახდა. პოლიტიკური პარტიების ნაწილი ქვეყნიდან საერთაშორისო კოალიციური ძალების გაყვანას ითხოვდნენ, რომლებიც ქვეყანაში ე.წ ისლამურ სახელმწიფოსთან, სუნიტურ ჯიჰადისტურ დაჯგუფებასთან, ბრძოლისთვის იმყოფებიან.

თავის მხრივ, აშშ ერაყში არსებულ შიიტურ შეიარაღებული დაჯგუფებებს ადანაშაულებს ერაყის სამხედრო ბაზებზე იერიშების მიტანაში, სადაც კოალიციური ძალები არიან განლაგებული. აშშ-ს თანახმად, შეტევების მიზანია, კოალიციურ ძალებს ქვეყნის დატოვება აიძულონ.

აშშ-ს მეთაურობით სამხედრო ძალები ერაყში 2003 წელს პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის ჩამოსაგდებად და მასობრივი განადგურების იარაღის განეიტრალებისთვის შეიჭრნენ. მოგვიანებით კოალიციურმა ძალებმა ერაყში მასობრივი განადგურების იარაღი ვერ იპოვეს. აშშ-ს ძალებმა ერაყი 2011 წელს დატოვეს, თუმცა სამი წლის შემდეგ ერაყის მთავრობის თხოვნით ე.წ ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად დაბრუნდნენ.

ე.წ ისლამური სახელმწიფო 2017 წელს დამარცხდა, რის შემდეგაც აშშ-ს სამხედრო ძალები ქვეყანაში დარჩნენ, რათა ჯგუფისთვის ძალების აღდგენის საშუალება არ მიეცათ.

კომენტარები