დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება, ბოლო დღეებში დაიღუპა 2 სამხედრო

8, 9 და 10 დეკემბერს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე რამდენიმე მცირე შეტაკება მოხდა. მხარეები ერთმანეთს პროვოკაციებში ადანაშაულებენ. 

შეტაკებები აზერბაიჯანის ქალბაჯარის რეგიონისა და სომხეთის გეღარქუნიქის რაიონის საზღვარზე მოხდა. 

10 დეკემბრის შეტაკებებს ემსხვერპლა 1 სომეხი სამხედრო. სომხეთის მხარის ცნობით, დანაკარგია აზერბაიჯანის არმიაშიც.

8 დეკემბრის საღამოს მომხდარ შეტაკებებს 1 აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა.

აზერბაიჯანული მხარის ბრალდებით, 10 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 12:00-ზე სომეხმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალბაჯარში მყოფ აზერბაიჯანელ სამხედროებს, რასაც საპასუხო ზომების მიღება მოჰყვა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ბრალდებით კი, 10 დეკემბრის 12:00-ზე ცეცხლი აზერბაიჯანულმა მხარემ გახსნა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დაძაბულია მას შემდეგ, რაც ბაქომ ერევანი 2020 წლის ყარაბაღის კონფლიქტის დროს დაამარცხა და მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების ნაწილზე კონტროლი აღადგინა. 

კომენტარები