ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმე

ხაშოგის მკვლელობაში ბრალდებული არაბი, რომელიც საფრანგეთში დააკავეს, გაათავისუფლეს

AP

საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ეჭვმიტანილი არაბი, რომელიც რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში, შარლ დე გოლის აეროპორტში დააკავეს, გათავისუფლებულია. როგორც გაირკვა, ეჭვმიტანილის იდენტობა შეეშალათ. 

ფრანგი სამართალდამცველების იდენტიფიცირებით, დაკავებულ ეჭვმიტანილს ერქვა ხალედ აედ ალ-ოთაიბი, იგივე სახელი და გვარი, რომელიც ეკუთვნის ხაშოგის მკვლელობაში ბრალდებულს, რომელიც საუდის სამეფო გვარდიის ყოფილი წევრია. ის, ხაშოგის მკვლელობაში ბრალდების გამო, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ პირთა სიაშია. 

2018 წლის 2 ოქტომბერს ვაშინგტონ პოსტის ჟურნალისტი და მწერალი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ქორწინებისთვის აუცილებელი დოკუმენტების მისაღებად მივიდა და მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. თურქეთის ოფიციალური პირების თქმით, მათ მიერ მოპოვებული აუდიო- და ვიდეოჩანაწერები ამტკიცებს, რომ ხაშოგი საკონსულოში მოკლეს და მისი გვამი დაანაწევრეს.

ხაშოგი ხშირად აკრიტიკებდა საუდის არაბეთის პოლიტიკას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, განსაკუთრებით, საუდის არაბეთის სამხედრო ინტერვენციას იემენში და სამეფოს ტახტის ახალ მემკვიდრეს, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს.

ჯერ კიდევ 2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ CIA-ს შეფასებით მკვლელობის უკან საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე იდგა, თუმცა მაშინ ბრალდება საჯაროდ არ გაჟღერებულმა, მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ CIA-ს ხაშოგის მკვლელობასთან საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის კავშირი არ დაუდგენია.

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე ხაშოგის მკვლელობაში მონაწილეობას უარყოფს. სამეფოს მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსიით, ჟურნალისტი, რომელიც წლების განმავლობაში აკრიტიკებდა საუდის არაბეთის სამეფო ოჯახს, იმ აგენტებმა მოკლეს, რომლებსაც მისი სამშობლოში დაბრუნება ჰქონდათ დავალებული. საქმეზე 5 პირი დააკავეს. მათ ჯერ სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, შემდეგ კი სასჯელი 20-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს.

დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა თურქეთმა და საქმეზე სასამართლო პროცესიც დაიწყო, ხაშოგის საცოლემ კი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს ვაშინგტონის სასამართლოში უჩივლა.

ხაშოგის საქმეზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატია ტაბულას არქივიდან.

კომენტარები