ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმე

აშშ-მ ხაშოგის მოკვლისთვის, სანქციები, სავიზო აკრძალვები დაუწესა საუდის არაბეთის მოქალაქეებს

ბაიდენის ადმინისტრაციამ საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო სანქციები დააწესა და საუდის არაბეთის 76 მოქალაქისათვის ვიზის აკრძალვები შემოიღო. თავად საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრისთვის, მუჰამედ ბინ სალმანისთვის სანქციები არ დაუწესებიათ. 

აშშ-ში ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუშინ, 26 თებერვალს, აშშ-ს ეროვნულმა დაზვერვამ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ხაშოგი 2018 წელს მოკლეს სტამბოლში. აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა საიდუმლო ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ხაშოგის მკვლელობის ოპერაცია საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის, მუჰამედ ბინ სალმანის თანხმობით ჩატარდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს ამ საქმეში მონაწილის სახით საჯაროდ ასახელებს.

"მიზანია კავშირების ხელახალი შეფასება - არა გაწყვეტა. იმ მნიშვნელოვანი ინტერესების გამო, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ" - ანონიმურად თქვა ბაიდენის ადმინისტრაციის უფროსმა წარმომადგენელმა. 

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა საუდის არაბეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილ ვიცე ხელმძღვანელს, აჰმედ ალ-ასისის და საუდის სამეფო გვარდიის სწრაფი ჩარევის ძალებს. ამ ნაბიჯით, მათ აშშ-ში აქტივები ეყინებათ და ამერიკელებს მათთან ბიზნესის წარმოება ეკრძალებათ. 

"მათ, ვინც ჯამალ ხაგოშის საზარელ მკვლელობაში მონაწილეობდა, პასუხი უნდა აგონ" - თქვა სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, ჯანეტ იელენმა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საუდის არაბეთის 76 მოქალაქეს სავიზო აკრძალვები დაუწესა, ეს ახალი პოლიტიკის ნაწილია, რომელიც მიზანში იღებს იმ ქვეყნებს, რომლებიც თავიანთ საზღვრებს მიღმა მოქმედებენ ჟურნალისტებისა და დისიდენტების წინააღმდეგ. ასეთი აქტივობები ეხება შევიწროებას, თვალთვალს, დაშინებას.

სავიზო აკრძალვები შერჩევითად შეეხებათ მათი ოჯახის წევრებსაც. 

ამასთან ერთად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ დაიწყებენ ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ ანგარიშში დოკუმენტურად ასახვას საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების პროგრამებისა, რომლებიც აკონტროლებენ, ავიწროებენ ან მიზანში იღებენ დისიდენტებს და ჟურნალისტებს.

ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სანქციების შესახებ გადაწყვეტილებები და სავიზო აკრძალვები  აშკარა გზავნილია იმის შესახებ, თუ როგორ სურს შეერთებულ შტატებს აშშ-საუდის საუდის არაბეთის ურთიერთობების დანახვა.

Reuters-ის ცნობით, კითხვაზე სამეფო ტახტის მემკვიდრის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ, აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გამოიყენა სანქციები "ქვეყნების უმაღლესი მმართველების მიმართ".

"ჩვენ ნამდვილად მივედით ერთსულოვან დასკვნამდე, რომ ამ საკითხების მოგვარების უბრალოდ სხვა ეფექტიანი მეთოდებიც არსებობს". - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ახლად გამოქვეყნებულ სადაზვერვო ანგარიშში წერია:

"ჩვენი შეფასებით, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, მუჰამედ ბინ სალმანმა თანხმობა გასცა ოპერაციაზე, რომლის ფარგლებშიც სტამბოლში უნდა დაეჭირათ ან მოეკლათ საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი. ეს შეფასება ეფუძნება ტახტის მემკვიდრის კონტროლს სამეფოში გადაწყვეტილებების მიღებაზე, რომელიც მას 2017 წლიდან აქვს, საქმეში მუჰამედ ბინ სალმანის მრჩევლების და დაცვის წევრების პირდაპირ მონაწილეობას და ტახტის მემკვიდრის მხარდაჭერას საზღვარგარეთ დისიდენტების, მათ შორის ხაშოგის გასაჩუმებლად ძალადობრივი მეთოდების გამოყენებისადმი. 2017 წლიდან ტახტის მემკვიდრეს აბსოლუტური კონტროლი აქვს სამეფოს უშიშროების და დაზვერვის ორგანიზაციებზე და ნაკლებად სარწმუნოა, რომ საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებს მსგავსი ოპერაცია მისი თანხმობის გარეშე ჩაეტარებინათ".

ჯერ კიდევ 2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ CIA-ს შეფასებით მკვლელობის უკან საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე იდგა, თუმცა მაშინ ბრალდება საჯაროდ არ გაჟღერებულა, მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ CIA-ს ხაშოგის მკვლელობასთან საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის კავშირი არ დაუდგენია.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე ჯო ბაიდენსა და საუდის არაბეთის მეფეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა მეფე სალმანთან ისაუბრა იმაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს აშშ-სთვის ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დაცვას.

ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, Reuters წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს საუდის არაბეთისათვის იარაღის მიყიდვის შეთანხმების გაუქმებასაც.

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე ხაშოგის მკვლელობაში მონაწილეობას უარყოფს. სამეფოს მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსიით ჟურნალისტი, რომელიც წლების განმავლობაში აკრიტიკებდა საუდის არაბეთის სამეფო ოჯახს, იმ აგენტებმა მოკლეს, რომლებსაც მისი სამშობლოში დაბრუნება ჰქონდათ დავალებული. საქმეზე 5 პირი დააკავეს. მათ ჯერ სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, შემდეგ კი სასჯელი 20-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს.

დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა თურქეთმა და საქმეზე სასამართლო პროცესიც დაიწყო, ხაშოგის საცოლემ კი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს ვაშინგტონის სასამართლოში უჩივლა.


2018 წლის 2 ოქტომბერს ჟურნალისტი და მწერალი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ქორწინებისთვის აუცილებელი დოკუმენტების მისაღებად მივიდა და მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. თურქეთის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათ მიერ მოპოვებული აუდიო- და ვიდეოჩანაწერები ამტკიცებს, რომ ხაშოგი საკონსულოში მოკლეს და მისი გვამი დაანაწევრეს.

ხაშოგი ხშირად აკრიტიკებდა საუდის არაბეთის პოლიტიკას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, განსაკუთრებით, საუდის არაბეთის სამხედრო ინტერვენციას იემენში და სამეფოს ტახტის ახალ მემკვიდრეს, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს.

ხაშოგის საქმეზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატია ტაბულას არქივიდან.

კომენტარები