ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმე

აშშ-ს დაზვერვის ანგარიში: ხაშოგის მკვლელობა მუჰამედ ბინ სალმანის თანხმობით მოხდა

ჯამალ ხაშოგი / მუჰამად ბინ სალმანი

აშშ-ს ეროვნულმა დაზვერვამ საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე ანგარიში გამოაქვეყნა. ხაშოგი 2018 წელს სტამბოლში მოკლეს. აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა საიდუმლო ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ხაშოგის მკვლელობის ოპერაცია საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის, მუჰამედ ბინ სალმანის თანხმობით მოხდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს ამ საქმეში მონაწილის სახით საჯაროდ ასახელებს.

"ჩვენი შეფასებით, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, მუჰამედ ბინ სალმანმა თანხმობა გასცა ოპერაციაზე, რომლის ფარგლებშიც სტამბოლში უნდა დაეჭირათ ან მოეკლათ საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი. ეს შეფასება ეფუძნება ტახტის მემკვიდრის კონტროლს სამეფოში გადაწყვეტილებების მიღებაზე, რაც 2017 წლიდან აქვს, საქმეში მუჰამედ ბინ სალმანის მრჩევლების და დაცვის წევრების პირდაპირ მონაწილეობას და ტახტის მემკვიდრის მხარდაჭერას საზღვარგარეთ დისიდენტების, მათ შორის ხაშოგის გასაჩუმებლად ძალადობრივი მეთოდების გამოყენების მიმართ. 2017 წლიდან ტახტის მემკვიდრეს აბსოლუტური კონტროლი აქვს სამეფოს უშიშროების და დაზვერვის ორგანიზაციებზე და ნაკლებად სარწმუნოა, რომ საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებს მსგავსი ოპერაცია მისი თანხმობის გარეშე ჩაეტარებინათ". - ნათქვამია ანგარიშში.

ჯერ კიდევ 2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ CIA-ს შეფასებით მკვლელობის უკან საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე იდგა, თუმცა მაშინ ბრალდება საჯაროდ არ გაჟღერებულა, მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ CIA-ს ხაშოგის მკვლელობასთან საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის კავშირი არ დაუდგენია.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე ჯო ბაიდენსა და საუდის არაბეთის მეფეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა მეფე სალმანთან ისაუბრა იმაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს აშშ-სთვის ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დაცვას.

ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით Reuters წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს საუდის არაბეთისათვის იარაღის მიყიდვის შეთანხმების გაუქმებასაც.

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე ხაშოგის მკველობაში მონაწილეობას უარყოფს. სამეფოს მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსიით ჟურნალისტი, რომელიც წლების განმავლობაში აკრიტიკებდა საუდის არაბეთის სამეფო ოჯახს, იმ აგენტებმა მოკლეს, რომლებსაც მისი სამშობლოში დაბრუნება ჰქონდათ დავალებული. საქმეზე 5 პირი დააკავეს. მათ ჯერ სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, შემდეგ კი სასჯელი 20-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს.

დამოუკიდებელი გამოძიება აწარმოა თურქეთმა და საქმეზე სასამართლო პროცესიც დაიწყო, ხაშოგის საცოლემ კი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს ვაშინგტონის სასამართლოში უჩივლა.


2018 წლის 2 ოქტომბერს ჟურნალისტი და მწერალი, ჯამალ ხაშოგი სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ქორწინებისთვის აუცილებელი დოკუმენტების მისაღებად მივიდა და მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. თურქეთის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათ მიერ მოპოვებული აუდიო- და ვიდეოჩანაწერები ამტკიცებს, რომ ხაშოგი საკონსულოში მოკლეს და მისი გვამი დაანაწევრეს.

ხაშოგი ხშირად აკრიტიკებდა საუდის არაბეთის პოლიტიკას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, განსაკუთრებით, საუდის არაბეთის სამხედრო ინტერვენციას იემენში და სამეფოს ტახტის ახალ მემკვიდრეს, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს.

ხაშოგის საქმეზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატია ტაბულას არქივიდან.

კომენტარები