დონალდ ტრამპი

ტრამპი: CIA-ს ხაშოგის მკვლელობასთან საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის კავშირი არ დაუდგენია

დონალდ ტრამპი
Bloomberg

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს არ დაუდგენია, რომ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, მუჰამედ ბინ სალმანს ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან რაიმე კავშირი აქვს.

"მე მაქვს ანგარიში. მათ არ დაუდგენიათ, არ ვიცი ვინმე შეძლებს თუ არა დაადგინოს, რომ ეს პრინცმა მუჰამედმა გააკეთა. გააკეთა ეს თუ არა, ის ამას სასტიკად უარყოფს. მისი მამაც, მეფეც სასტიკად უარყოფს." უთხრა მან ჟურნალისტებს.

ამერიკული მედია კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანგარიშში არ არის სამხილები, რომლებიც ტახტის მემკვიდრეს მკვლელობასთან პირდაპირ აკავშირებს, თუმცა ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ მკვლელობის განსახორციელებლად მისი თანხმობა აუცილებელი იქნებოდა. თურქული გამოცემა Hurriyet წერს, რომ CIA-ს აქვს ჩანაწერი, სადაც მუჰამედ ბინ სალმანი ხაშოგის "სასწრაფოდ გაჩუმებას" მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ტრამპმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის, პრინც მუჰამედ ბინ სალმანის კავშირი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან ბოლომდე დადგენილი არ არის და ის აპირებს სამეფოსთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას.

"ჩვენი სადაზვერვო სააგენტოები აგრძელებენ მოპოვებული ინფორმაციის შეფასებას. შესაძლოა ტახტის მემკვიდრემ იცოდა ამ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ - შეიძლება იცოდა, შეიძლება არა! შეიძლება ვერასოდეს გავიგოთ ყველა ფაქტი ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ურთიერთობა საუდის არაბეთთან."

"თუ გსურთ, რომ ბარელი ნავთობის ფასმა 150 აშშ დოლარს მიაღწიოს, ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ არის საუდის არაბეთთან ურთიერთობების გაწყვეტა. ჩემთვის ყველაფერი ძალიან მარტივადაა. ამერიკის ინტერესები პირველ ადგილზეა. მსოფლიოს ეკონომიკის განადგურებას არ ვაპირებ და არც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განადგურებას ვაპირებ საუდის არაბეთთან სულელურად მოქცევით. აშშ აპირებს დარჩეს საუდის არაბეთის ურყევ პარტნიორად, რათა დაიცვას საკუთარი, ისრაელის და რეგიონში სხვა მოკავშირეების ინტერესები." თქვა მან ჟურნალისტებთან საუბარში.

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელმა და დემოკრატმა წევრებმა პრეზიდენტ ერთობლივი განცხადება გაუგზავნეს, რომელშიც ჟურნალისტის მკვლელობაში მუჰამედ ბინ სალმანის ჩართულობის შესახებ კონგრესში ნათელი, ოფიციალური განცხადების გაკეთებას ითხოვენ.

თეთრი სახლის სპიკერის, სარა სანდერსის თქმით ტრამპმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შეფასება თავად სააგენტოს დირექტორის, ჯინა ჰასპელისაგან სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად მოისმინა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო 17 პირს სანქციები უკვე დაუწესა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით სანქციების სიაში შესული პირები საუდის არაბეთის სამეფო კარზე მაღალ თანამდებობებს იკავებენ და მათ შორის რამდენიმე სამინისტროების და მთავრობის თანამდებობის პირია.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს ლეტალური ინექციით მოკლეს, შემდეგ კი მისი სხეული დაანაწევრეს და შენობიდან ამგვარად გაიტანეს.

ის მკვლელობაში ბრალდებული 11 პირიდან 5-ის სიკვილით დასჯას ითხოვს, რომლებიც, მისი თქმით დანაშაულის დაკვეთაში და აღსრულებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ.

მკვლელობასთან კავშირში საუდის არაბეთმა სულ 21 ადამიანი დააკავა და 6 თანამდებობიდან გაათავისუფლა.

კომენტარები