მიხეილ სააკაშვილი

ადვოკატი: სააკაშვილს ტელეფონით სარგებლობის უფლება 2 თვით შეუზღუდეს

მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილს გლდანის N18 დაწესებულებაში გადაყვანისას აპარატის დაზიანების გამო დისციპლინური სახდელი დააკისრა და 2 თვით ტელეფონის სარგებლობა აეკრძალა. თუთბერიძის თქმით, გადაწყვეტილება კომიკურია, რადგან ექსპრეზიდენტს ტელეფონით გამოყენების უფლებას აქამდეც არ აძლევდნენ.

"გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადმომეცა დირექტორის განკარგულება, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილზე დადგინდა, რომ მან დაარღვია პატიმრობის კოდექსის რამდენიმე დებულება. მის მიერ მიყენებული ზიანი შეადგენს 70 ლარს და მას დაეკისრა დისციპლინური სახდელი სატელეფონო საუბრის 2 თვით შეზღუდვის სახით.

განკარგულება, რომლითაც სახდელი დაეკისრა პრეზიდენტს, არის სრულიად დაუსაბუთებელი და ცხადია, უკანონო, იმდენად რამდენადაც მას არ აქვს არავითარი არგუმენტაცია და მასში არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლეული. კერძოდ, მასში არ არის გამოკვლეული მიზეზი თუ რატომ ჰკრა მიხეილ სააკაშვილმა ხელი ამ აპარატს. მიზეზი გახლავთ ის, რომ ის გაიტაცეს და მოეპყრნენ არაადამიანურად. ის შეათრიეს კამერაში და ბუნებრივია, მას ჰქონდა სრულიად ადეკვატური რეაქცია როცა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა სცადეს მისგან იძულებით ტესტების თუ ანალიზების აღება. [...] გადაწყვეტილება კომიკურია იმდენად, რამდენადაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილს ისედაც არ აძლევენ ტელეფონით სარგებლობის უფლებას". – თქვა თუთბერიძემ.

შოთა თუთბერიძის თქმით, ამ პენიტენციური სამსახურის ამ განკარგულებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

7 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა წერილი გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ის წყვეტდა ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას, სანამ არ შესრულდებოდა სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და პენიტენციური სამსახურის მიერ მისთვის დაწესებული დისციპლინური ზომები არ გაუქმდებოდა. სააკაშვილმა დაწერა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს ჯარიმა დააკისრა სააკაშვილის კადრების გავრცელების გამო, მას შეხვედრები შეუზღუდეს და ტელევიზორი ჩამოართვეს.

ამის შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც სააკაშვილი ცრუ ბრალდებებში დაადანაშაულა. უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ექსპრეზიდენტთან დაწესებულების უფლებამოსილი პირების ვიზიტი მისთვის უფლებამოვალეობების ოქმის გაცნობის მიზნით მოხდა, რაზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების მოსამსახურეებს.


სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების საქმეზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ჯარიმა დაეკისრათ. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის პირადი სამედიცინო ინფორმაციისა და რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გასაჯაროებას. იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს დაევალათ სოციალური ქსელ Facebook-ის, ასევე, ოფიციალური ვებგვერდებიდან მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერებისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერის წაშლა.

20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

კომენტარები