კორონავირუსი

პროფესიონალი ექიმები ანტიბიოტიკებს პროფილაქტიკის მიზნით არ ნიშნავენ

კოვიდით ინფიცირებული ადამიანები ძალიან ხშირად თვითნებურად იღებენ
ანტიბიოტიკებს და ამით მდგომარეობას ირთულებენ. ექიმები მუდმივად აკეთებენ
განმარტებას, თუ რა რისკის შემცველია, ზოგადად, ანტიბიოტიკის მიღება, მაგრამ,
სამწუხაროდ, ბევრი აჰყვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას. "მე
დავლიე ანტიბიოტიკი, მოდი, შენც დალიე“; „მე გირჩევ, დალიო და ადვილად გადაიტან
კოვიდს“, - ალბათ ასეთი რჩევები „კეთილის მსურველებისგან“ თქვენც ხშირად
გსმენიათ, თუმცა მათმა უმრავლესობამ არც კი იცის, რა ზიანის მიყენება შეუძლია
ანტიბიოტიკს. ზოგადად, ანტიბიოტიკი არის პრეპარატი, რომელიც ბაქტერიებს ებრძვის
და არა - ვირუსს.

რატომ არ შეიძლება, თავად შევარჩიო ანტიბიოტიკი?

იმიტომ, რომ ამ პროცესში ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ანტიბიოტიკების
შერჩევის დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დიაგნოზი, არამედ ისიც, როგორია
ბაქტერიების მგრძნობელობა ანტიბიოტიკებისადმი, მათი გვერდითი ჩვენებები და ა.შ.
ხანდახან ბაქტერიული ინფექციის დამტკიცების შემთხვევაშიც კი, ექიმს შეუძლია,
ანტიბიოტიკი არ დანიშნოს, რადგან შესაძლებელია, დაკვირვებამ პოტენციურად
უკეთესი შედეგი მოიტანოს, ვიდრე მედიკამენტმა, რომელსაც გარკვეული გვერდითი
მოვლენები ახლავს. თუმცა ასევე არც ის არის გამორიცხული, მოგვიანებით ვირუსული
ინფექციის ფონზე ბაქტერიული ინფექცია განვითარდეს და ამ დროს ექიმს მოუხდეს
თქვენთვის ანტიბიოტიკების დანიშნვნა. პროფილაქტიკის მიზნით ანტიბიოტიკებს
პროფესიონალი ექიმები არ ნიშნავენ.

ალექსანდრე გოგინავა, ინფექციონისტი:

"კოვიდინფექციის ბინაზე მართვის დროს ხშირად ჩვენი მოქალაქეები თვითნებურად
იღებენ გარკვეულ მედიკამენტებს, მათ შორის - ანტიბიოტიკებს, რაც ხშირად
დამყარებულია ვიღაცის რჩევაზე. მე ექიმმა დამინიშნა, მოდი, შენც დალიე. ჯობია,
თავიდან დაიწყო ანტიბიოტიკი და ა.შ. თვითნებურად იღებენ სისხლის გამათხელებლებს, რაც ასევე ყოვლად დაუშვებელია. კორონავირუსი ვირუსული ინფექციაა და განსაკუთრებით პირველი ერთი კვირა არანაირი სპეციფიკური მკურნალობა მას არ სჭირდება. ზოგადად, ვირუსს ანტიბიოტიკი არ სჭირდება. ანტიბიოტიკს აძლევენ მხოლოდ მათ, ვისაც აქვს გართულება, რომელიც ძირითადად დაავადების მეორე კვირაში ხდება, თან ყოველთვის - არა. ყველას უნდა ახსოვდეს, ანტიბიოტიკის ტყუილად გამოიყენება გამოიწვევს ბევრ ცუდ ცვლილებას ორგანიზმში
და დააზიანებს სხვადასხვა ორგანოს. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ანტიბიოტიკის არასწორად დალევამ პირიქით, შეიძლება ხელი შეუწყოს მდგომარეობის გაუარესებას. ტყუილად მიღებული ანტიბიოტიკი საზიანოა ორგანიზმისთვის, ღვიძლისთვის, თირკმელებისთვის, სისხლისთვის. ამით ასევე ხელს შეუწყობთ რეზისტენტობის გაზრდას, სხვადასხვა ბაქტერია რომ გახდეს რეზისტენტული და არ დაემორჩილოს ანტიბიოტიკურ თერაპიას.

შეიძლება პაციენტს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება ჰქონდეს და საჭირო იყოს
ნაადრევი ჩარევა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჩარევა მხოლოდ სპეციალისტთან
შეთანხმებით უნდა მოხდეს. ექიმმა უნდა შეაფასოს მდგომარეობა - ან სატელეფონო
კონსულტაციით ან ამბულატორიული კვლევებით და შედეგების მიხედვით მიიღოს
გადაწყვეტილება, მოხდეს თუ არა ანტიბიოტიკის (ეს იქნება სისხლის გამათხელებელი
სტეროიდი) თუ სხვა ნებისმიერი საშუალების დანიშვნა. სხვანაირად ძალიან ცუდ
შედეგს მივიღებთ. ცალსახად ვამბობ, პაციენტის ბინაზე მართვა უნდა მოხდეს მხოლოდ
ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ჩემი, როგორც ინფექციონისტის, რჩევა იქნება -
მოვახერხოთ კომპეტენტურ ექიმთან დაკავშირება და არავითარ შემთხვევაში
თვითნებური მკურნალობა არ დავიწყოთ. თვითნებური მკურნალობა პაციენტების 99%-სთვის მავნებელია და არანაირი შედეგი არ მოაქვს.

თუ ვერ დაუკავშირდა ინფიცირებული პირი ექიმს, უნდა აკონტროლოს ტემპერატურა,
დაავადების მძიმე მიმდინარეობისას, 99 პროცენტს აღალი ტემპერატურა აღენიშნება,
ამიტომ თუ პაციენტი სახლშია და აქვს მაღალი ტემპერატურა, როგორმე მისი კორექცია
უნდა მოახდინოს და მხოლოდ სიცხის დამწევი საშუალებები მიიღოს. მხოლოდ მაღალი
სიცხის დროს, ანტიბიოტიკისგან განსხვავებით, შესაძლებელია, ექიმთან
შეუთანხმებლად, დალიოს პარაცეტამოლი ან იბუპროფენი და დაარეგულიროს
ტემპერატურა. უნდა იყოს ფიზიკურად აქტიური, არ ვგულისხმობ დიდ დატვირთვებს,
მაგრამ არ უნდა იწვეს მუდმივად, პირიქით, უნდა იმოძრაოს, გამოაღოს ფანჯარა,
ხშირად გაანიავოს ოთახი, რომ ოთახში სუფთა ჰაერი შევიდეს. მუცელზე დაწვეს,
ზურგზე - ნაკლებად. მიიღოს სითხეები ადეკვატურად, თუ ოფლიანობა აქვს, მისი
სითხით შევსება აუცილებელია. ძირითადად, დალიოს ოთახის ტემპერატურის წყალი,
თუ წყალს ვერ სვამს, შეიძლება მიიღოს ჩაი და მინერალური წყალი, მაგრამ მაინც უნდა
ვეცადოთ, რომ მივიღოთ ჩვეულებრივი წყალი. ასევე მნიშვნელოვანია განწყობა, რადგან,ზოგადად, სტრესი, შიში, პანიკა ხელს უწყობს დაავადების პროგრესირებას და უნდა ვეცადოთ, მეტნაკლებად მშვიდი გარემო შევიქმნათ და სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ასევე მნიშვნელოვანია, პაციენტმა ყურადღება მიაქციოს სუნთქვას, ხშირად უნდა აკეთოს
ღრმად ჩასუნთქვები და ამოსუნთქვები",

დაიმახსოვრეთ:

ანტიბიოტიკი მოქმედებს მხოლოდ ბაქტერიულ ინფექციაზე და არა - ვირუსზე.
ანტიბიოტიკი არ არის ტემპეტატურის დამწევი საშუალება. ზოგჯერ ანტიბიოტიკი არის
მძლავრი ალერგენი და მისი გამოყენება შეიძლება სიცოცხლის რისკთანაც კი იყოს
დაკავშირებული. ანტიბიოტიკის ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება გახდეს ე.წ.
„დისბაქტერიოზისა” და სოკოვანი ინფექციის განვითარების მიზეზიც.
ამიტომ ანტიბიოტიკი აუცილებლად კომპეტენტურმა ექიმმა უნდა დაანიშნოს.
გახსოვდეთ, მაშინაც კი, როცა ანტიბიოტიკს ექიმი გინიშნავთ, მოითხოვეთ ამ
გადაწყვეტილების მართებულობის დადასტურება, ანუ იმის დადასტურება, რომ
ბაქტერიული ინფექცია არის ორგანიზმში, მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდით
აღნიშნული პრეპარატის გამოყენებაზე.

კომენტარები