ბრიტანულ მედია the Guardian-თან საუბარში აშშ-ს მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირმა ახსენა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ აღმოსავლეთ ევროპაში, NATO-ს ქვეყნებში სამხედროებს გაგზავნის. ასევე, იგეგმება სანქციების დაწესებაც. ეს გაფრთხილება აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ვიდეოშეხვედრამდე გავრცელდა.
ასევე, ოფიციალური პირის თქმით, ბაიდენი პუტინს ცხადად აჩვენებს, რომ არ გამოირიცხება უკრაინის NATO-ში გაწევრიანება, რუსეთის მოთხოვნების მიუხედავად.
ოფიციალურმა პირმა the Guardian-თან თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის პირველი კონფლიქტის შემდეგ აშშ-მ აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალები გაგზავნა და ახალი კონფლიქტის შემთხვევაშიც იგივე მოხდება.
"ნამდვილად ასე იქნება, თუ პუტინი შეიჭრება, აღმოსავლეთ ფლანგის მოკავშიირეებისგან იქნება გაზრდილი მოთხოვნა დამატებით ძალებზე, შესაძლებლობებსა და წვრთნებზე, რათა,უკრაინაში მსგავსი აგრესიის შემთხვევაში, ჩვენი აღმოსავლეთ ფლანგის პარტნიორების უსაფრთხოება გარანტირებული იყოს. შეერთებული შტატების პასუხი დადებითი იქნება", – თქვა აშშ-ს ოფიციალურმა პირმა და ასევე ხაზი გაუსვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია, კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, ომში პირდაპირი სამხედრო ძალით არ ჩაერთვება.
"აშშ-ს არ სურს აღმოჩნდეს ისეთ გარემოებაში, რომელშიც ჩვენი საპასუხო ქმედებების ფოკუსი ამერიკულ სამხედრო ძალის პირდაპირი გამოყენება იქნება, რაც არის უკრაინის არმიის დახმარების, მძიმე ეკონონიკური საპასუხო ქმედებებისა და NATO-ს პარტნიორების მხარადაჭერითა და შესაძლებლობებით უსაფრთხოების უზრუნველყოფის [საპასუხო] კომბინაციის საპირისპირო", – თქვა the Guardian-თან აშშ-ს წარმომადგენელმა.
მან ასევე დაამატა, რომ თავად არ გაასაჯაროებს, "რას ეტყვის [პუტინს] პრეზიდენტი [ბაიდენი] იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს აშშ-ს სამხედრო ჩართულობა".
აშშ-ს ოფიციალურმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ დაწესდება მნიშვნელოვანი და მძიმე სანქციები, რომლებიც, მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკას მძიმედ დააზარალებს.
ასეთივე კომენტარი გააკეთა აშშ-ს ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა POLITICO-სთანაც, თუმცა არ იყო ნახსენები აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკელი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობის დეტალი.
აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინა იქნება.
თეთრი სახლის პრესსამსახურის თანახმად, ბაიდენი ხაზს გაუსვამს აშშ-ს შეშფოთებას უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების აქტიურობასთან დაკავშირებით დ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას განმეორებით აღნიშნავს.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ერთმანეთს ესაუბრნენ ვოლოდიმირ ზელენსკი და ენტონი ბლინკენი და მათ საერთო პოზიცია შეათანხმეს.
უკრაინის საკითხის განხილვისთვის ერთმანეთს უკვე შეხვდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. შეხვედრამდე ბლინკემა ლავროვი უკრაინასთან დაკავშირებით ძვირი საზღაურის შესახებ გააფრთხილა.
უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.
The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.
"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.
უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც.
ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.