დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

POLITICO: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ და ევროპა მძიმე სანქციების დასაწესებლად მზად არიან

POLITICO-ს ცნობით, აშშ და ევროპა მზად არიან "მნიშვნელოვანი და მძიმე სანქციების დასაწესებლად", თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.

POLITICO-ს მიხედვით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ვიდეოშეხვედრამდე, ამერიკის წარმომადგენლები ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმდნენ ფინანსურ სანქციებზე, რომლებიც "რუსეთის ეკონომიკას მნიშვნელოვან და მძიმე ეკონომიკურ ზიანს მიაყენებენ".

"ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ინტენსიური განხილვა გვქონდა, იმაზე, თუ ერთად რას გავაკეთებთ უკრაინაში რუსული დიდი სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში. გვჯერა, რომ გვაქვს გზა, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან ეკონომიკურ საპასუხო ზომებს ორივეს, აშშ-სა და ევროპელი პარტნიერების მხრიდანაც", – ამბობს აშშ-ს ოფიციალური პირი. 

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა უარყო აშშ-ს ომში პირდაპირი ჩართვის შესაძლებლობა. 

"არ მსურს სახალხოდ, პრესის ზარში ვისაუბრო იმ განსაკითრებულად მგრძნობიარე გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს დააყენებს. მაგრამ ვიტყვი, რომ აშშ-ს არ სურს აღმოჩნდეს ისეთ გარემოებაში, რომელშიც ჩვენი საპასუხო ქმედების ფოკუსი ამერიკული სამხედრო ძალის პირდაპირი გამოყენება იქნება", – თქვა აშშ-ს ოფიციალურმა პირმა მედიასთან.

მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინთან ვიდეოშეხვედრის შემდეგ, მომდევნო ორშაბათს ბაიდენი მთავარ ევროპელ მოკავშირეებს გაესაუბრება. ასევე, სატელეფონო ლაპარაკი შედგება უკრაინის პრეზიდენტსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შორის, ბაიდენი-პუტინის შეხვედრის დაწყებამდე. მომდევნო დღეებში ზელენსკის ბაიდენიც დაელაპარაკება, როგორც ამას ოფიციალური პირი ამბობს. 

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინა იქნება.

თეთრი სახლის პრესსამსახურის თანახმად, ბაიდენი ხაზს გაუსვამს აშშ-ს შეშფოთებას უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების აქტიურობასთან დაკავშირებით დ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას განმეორებით აღნიშნავს.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ერთმანეთს ესაუბრნენ ვოლოდიმირ ზელენსკი და ენტონი ბლინკენი და მათ საერთო პოზიცია შეათანხმეს.

უკრაინის საკითხის განხილვისთვის ერთმანეთს უკვე შეხვდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. შეხვედრამდე ბლინკემა ლავროვი უკრაინასთან დაკავშირებით ძვირი საზღაურის შესახებ გააფრთხილა.


უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები