NATO-საქართველო

არ მგონია, შესაძლებელი იყოს – კოლომინა საქართველოს NATO-ში მე-5 მუხლზე დათქმით შესვლაზე

ხავიერ კოლომინა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით და სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ სტრატეგიისა და განვითარების ქართული ცენტრის ონლაინ შეხვედრაზე საქართველოს NATO-ში მე-5 მუხლის სპეციალური დათქმით გაწევრიანების შესახებ ისაუბრა.

2019 წელს NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე თქვა, რომ, რათა ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შემაფერხებელი არ გახდეს, საქართველომ უნდა განიხილოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მე-5 მუხლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე გაუვრცევლებლად გაწევრიანება.

კოლომინას თქმით, ის ამ შესაძლებლობას ვერ ხედავს და მოცემულ გარემოებებში მას არც სასარგებლოდ აღიქვამს.

"ჩემი პასუხი NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის, რასმუსენის შეთავაზებაზე არის ცალსახად არა. არ მგონია, რომ ეს შესაძლებელია. სიმართლე ვთქვა, არც კი ვფიქრობ, რომ ეს ამჟამინდელ გარემოებებში სასარგებლო იყოს. NATO მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გზავნილია არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის, არამედ მეტოქეების მიმართაც", – თქვა კოლომინამ.

"ჩვენ ვისურვებდით გვენახა პროგრესი ამ გდაუჭრელ კონფლიქტთან დაკავშირებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის კონტექსტში", – დაამატა კოლომინამ.

კოლომინამ საუბრის დასაწყისში ასევე თქვა, რომ საქართველო ნამდვილად NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და საქართველოსთვის ამჟამინდელი ურთიერთობა კარგია.

"ცალსახად პრობლემურია, გადაუწყვეტელი სასაზღვრო დავები გქონდეს რუსეთთან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ისმის შეკითხვა, როგორ შეიძლება ამის გადაწყვეტა? ვფიქრობ, უნდა განიხილოთ საქართველოს შიგნით, მოისურვებდით ასეთ შემთხვევაში დათანხმებოდით ისეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მეხუთე მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდებოდა? NATO-ში კი ზუსტად იმავე საკითხზე უნდა დავფიქრდეთ," - ამბობდა რასმუსენი 2019 წელს.

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ამბობდა, რომ ალიანსს უკვე აქვს პრეცედენტი, როდესაც გერმანია 1955 წელს ისე გახდა NATO-ს წევრი, რომ მე-5 მუხლი მხოლოდ დასავლეთზე, ხოლო ქვეყნის გაერთიანების შემდეგ, 1991 წლიდან უკვე აღმოსავლეთზეც გავრცელდა:

"ჩვენ გვაქვს პრეცედენტი - გერმანია გაყოფილი იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად. გერმანია NATO-ს შეუერთდა 1955 წელს, თუმცა მხოლოდ დასავლეთი - NATO-ს წესები არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. მაგრამ როცა გერმანია კვლავ გაერთიანდა 1991 წელს, NATO-ს წესები აღმოსავლეთზეც გავრცელდა. პრინციპში, მსგავსი შეთანხმება შეიძლება საქართველოს შემთხვევაშიც შედგეს".

რას გულისხმობს მე-5 მუხლი და მისი დროებითი არგამოყენება ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

NATO-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით, NATO-ს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა გულისხმობს მის თავდაცვას ყველა სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ. ეს მუხლი კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან, ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის, სამხედრო ძალა მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ. 

ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Heritage Foundation-მა 2018 წლის 29 იანვარს გამოაქვეყნა კვლევა "NATO-ს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში". კვლევაში წერია, რომ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა მოხდეს. ამასთან, აღნიშნულია, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია შესაძლებელია 1949 წლის ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესწორებით მოხდეს, რაც გულისხმობს მე-5 მუხლის დროებით არგავრცელებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მანამ, სანამ არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

კომენტარები