ინდონეზია

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა [VIDEO]

ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკან სემერუს ამოფრქვევას, სულ მცირე, 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 60-მდე ადამიანი.

ამოფრქვევის შედეგად ლუმაჯანგის რაიონში 11 სოფელი ვულკანურმა ფერფლმა დაფარა. ვულკანის მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუირებულია 902 ადამიანი. მოსახლეობის ევაკუაციას კვამლი, წვიმა და ელექტროენერგიის გათიშვა ართულებს. წვიმის გამო ლავა და ამოფრქვევის შედეგად გაჩენილი ნამსხვრევები ტალახის სქელ მასად იქცა, რაც ასევე ხელს უშლის სწრაფ ევაკუაციას.

ავსტრალიაში არსებული ვულკანური ფერფლზე საკონსულტაციო ცენტრის (VAAC) ინფორმაციით, ფერფლი ვულკანის მწვერვალს მოშორდა და ინდოეთის ოკეანის თავზე სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებით დაიწყო გადაადგილება. ცენტრის თანახმად, ავიახაზები გაფრთხილებულები არიან რომ ფერფლის ღრუბელი 15 000 მეტრის სიმაღლეზე ავა, რაც თვითმფრინავების უმეტესობის ფრენის სიმაღლეს აჭარბებს. ამის გამო ამ მიდამოში რეისების უმეტესობას კურსის შეცვლა მოუწევს. ვულკანურ ფერფლს შეუძლია თვითმფრინავების ძრავის მუშაობა შეაფერხოს და კაბინაში ჰაერის ხარისხზე იქონიოს გავლენა.

ვულკანი სემერუ თითქმის მუდმივად იფრქვევა. ჩვეულებრივ ვულკანიდან ამოფრქვეული ფერფლის ღრუბელი 4 300 მეტრის სიმაღლეს აღწევს. VAAC-ის წარმომადგენლის თანახმად, ბოლო ამოფრქვევა ჩვეულებრივთან შედარებით გაცილებით უფრო ინტენსიურია.

ვულკანი სემერუ ზღვის დონიდან 3 676 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ერთ-ერთია ინდონეზიის 130 აქტიური ვულკანიდან. ბოლოს ის 2020 წლის დეკემბერში ამოიფრქვა. ინდონეზია ცეცხლოვან სარტყელში მდებარეობს რის გამოც აქ ვულკანის ამოფრქვევები და მიწისძვრები ხშირად ხდება.

კომენტარები